საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მაქვს აქვს პრივილეგია, რომ რუსთაველებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,მამუკა ჩიქოვანი წარუდგინოს.
"იგი არის რუსთაველი, მისი მშობლებიც და მეუღლეც რუსთაველები არიან და არის ამ ქალაქის ყველაზე დიდი პატრიოტი. ვუსურვებ მას წარმატებას"- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა, რუსთაველებთან შეხვედრისას უკვე განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტიობებზეც ისაუბრა.
"არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თქვენთან ძალიან კარგი გზით და განათებული ქუჩებით მოვედი. როდესაც ვლაპარაკობთ რუსთავზე, ზოგიერთები ამბობენ ხოლმე: ამ მთავრობამ ვირტუალური რეალობა შექმნა, ყველაფერი მხოლოდ ტელეეკრანზე ხდება და ცხოვრებაში არაფერი იცვლებაო.კარგად მახსოვს 8 წლის წინანდელი რუსთავი - სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ყველანი ჩემო მეგობრებო დღეს. მსურს უბრალოდ გაგახსენოთ, რომ მაშინ წყალი მოსახლეობას ოთხ დღეში ერთხელ მიეწოდებოდა. დღეს, იმ ერთი უბნის გარდა, სადაც ჯერ კიდევ 4-საათიანი გრაფიკია, ყველა თქვენგანთან, ძირითადად, 24-საათიანი წყალმომარაგებაა.
ეს არის ვირტუალური რეალობა? რა თქმა უნდა არა - ეს არის რუსთავის რეალობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დღეს რუსთავის ყველა ძირითადი მაგისტრალი საუკეთესოა და ამ შემოდგომის დამლევამდე ყველა ეზოში, ყველა კორპუსთან იქნება ისეთი გზა, როგორიც არის ევროპაში.
სააკაშვილის განმარტებით, რუსთავში უკვე შეიქმნა რამდენიმე დიდი ლოჯისტიკური, საავტომობილო და სავაჭრო ცენტრები, ავტოტრეკი, რამდენიმე დიდი ახალი და ძველი საწარმო.
"ეს ვირტუალური, ჩემ მიერ მოგონილი რეალობაა თუ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობა? რუსთავში არაჩვეულებრივი ახალგაზრდობაა. აქ ყველა სკოლა საუკეთესო იქნება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, მაღალანაზღაურებადი და კვალიფიციური პედაგოგებით", - განაცხადა პტეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუსთავში ახლა გადამზადების საუკეთესო ცენტრი შენდება, რათა ახალი სპეციალისტები აღიზარდონ და ძველები გადამზადდნენ. "ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ 55 ან 57 წლის ადამიანს არ სჭირდება დაფასება და ახალი საქართველოს მშენებლობაში ჩართვა".
"დღეს დავიწყეთ ისტორიული საქმე - თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ რუსთავის გასასვლელიდან თბილისის ცენტრში ჩასასვლელად 7 წუთი დაგვჭირდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა სულ მალე რუსთავში იქნება ერთერთი ყველაზე საუკეთესო პარკი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ესპანელ არქიტექტორები ააშენებენ და ამ პარკის მშენებლობა უახლოეს თვეებში დამთავრდება.
"ნახეთ როგორი მოედნები გაკეთდა. მალე სპორტის სასახლის მშენებლობასაც დავასრულებთ და დიდი ზარზეიმით გავხსნით.
"მალე ჩვენ, თბილისელებიც და სხვა ქალაქელებიც რუსთავში ვივლით, რადგან რუსთვი ამ მხრივაც იქნება საქართველოს საუკეთესო ქალაქი", - განაცხადა პრეზიდენტმა.