დღეს, 16 აგვისტოს, საოლქო საარჩევნო კომისის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის ექვსი წევრის არჩევისა და უფლებამოსილი პარტიების მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის ვადა იწურება.
საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის ექვს წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.
ამავე კოდექსის მეექვსე პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში - არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში - ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 1-ლი ოქტომბრისთვისაა დანიშნული.