პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსახლეობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა და საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა
ადიგენში ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარე სტადიონზე შეხვდა და მათ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი წარუდგინა, რომელიც რაიონის ყოფილი გამგებელია და თითოეული ოჯახის პრობლემას კარგად იცნობს.
სტადიონზე ხუთი ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს ოვაციებით შეხვდნენ.
შეხვედრაზე დავით ბაქრაძე მოსახლეობას ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ესაუბრა.
„ეს იყო ერთ–ერთი ის კუთხე საქართველოსი, სადაც მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირდა და ყველაზე რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი გაკეთდა, მაგრამ დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ რეგიონში, ამ კუთხეში შემოვიტანოთ მეტი განვითარება, შემოვიტანოთ მეტი სიკეთე. იმისთვის, რომ ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა ოჯახში იყოს მეტი სარგებელი, იყოს მეტი კეთილდღეობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს მეტი სარგებელი და ყველგან იყოს მეტი კეთილდღეობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რაიონის მოსახლეობის წინაშე სამი პრობლემა დგას – ესაა დაზღვევა, სოფლის მეურნეობა, უმუშევრობა.
ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ის ამ პრობლემების მოგვარებისთვის დაუზოგავად იშრომებს.
დავით ბაქრაძემ დღესვე მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქშიც წარადგინა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქ სამველ პეტროსიანი წარმოადგენს. ისინი ერთად ესტუმრნენ ადგილობრივ რძის გადამამუშავებელ ფაბრიკას. აქ დამზადებული მრავალი სახის პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მეზობელ სომხეთში ექსპორტირდება.
„აქ არიან დასაქმებული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და იღებენ ხელფასს. მეორე მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ყოველდღიურად ჩააბაროს რძე და რძის პროდუქტები და გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალი. სწორედ ასეთი წამოებების აწყობა გვინდა ჩვენ ყველა რაიონში იმ მიზნით, რომ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, დავეხმაროთ მოსახლეობას მოყვანილი პროდუქტის ჩაბარებაშიც და შევქმნათ სამუშაო ადგილებიც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ასპინძაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე იქნება.
მაჟორიტარობის კანდიდატების თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, დასაქმებაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იზრუნებენ.
მასალის გამოყენების პირობები