გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში 77 წლის ეთერ ტ-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, ცხედარი იატაკზე ეგდო და პოლიეთილენის პარკებში იყო გახვეული.
ქალბატონი სავარაუდოდ 2-3 დღის გარდაცვლილია. ცხედარი მეზობლებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც 2 დღის განმავლობაში ეთერი ტ-შვილი სახლიდან გარეთ გამოსული ვერ ნახეს. მათივე თქმით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. ერთ-ერთი ვერსიით, ის შვილმა მოკლა, რომელიც ფსიქიური ავადმყოფია. მეზობლებს, გარდაცვლილის შვილი, 45 წლამდე მამაკაცი, სახლში არ დახვდათ. პოლიციამ ის მოგვიანებით სოფლის ბოლოს, მინდორში დააკავა.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტიზის ცენტრის კახეთის ბიუროში გადაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის მეზობლებმა და თავად ეთერ ტ-შვილმაც ბოლო 2 თვის განმავლობაში პოლიციას არაერთხელ მიმართეს, ფსიქიურად ავადმყოფი მამაკაცის იძულებითი მკურნალობის მიზნით. პოლიციამ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც ერთი კვირის შემდეგ უკან დააბრუნეს.