ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიამ თხოვნის საფუძველზე საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სია გასცა. ხოლო რაც შეეხება ამომრჩეველთა უბნებად დაყოფას კომისია აღნიშნულ პროცესს 28 აგვისტომდე დაასრულებს.
"პოლიტიკური პარტიები მოგვმართავენ თხოვნით საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სიის გადაცემის თაობაზე.
საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მოახდინა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაყოფა ოლქების მიხედვით და იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის გადაცემა ვინც კი ამგვარი თხოვნით მიმართა ცესკოს.
რაც შეეხება ამომრჩეველთა უბნებად დაყოფას, - ეს შრომატევადი პროცესია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მნიშვნელოვან დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, საარჩევნო კალენდარი ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებისა და გასაჩივრებისთვის. ამიტომ, კანონმდებლობა ცესკოს აღნიშნული პროცესისთვის ვადას აძლევს არჩევნებამდე 34-ე დღემდე, ანუ 28 აგვისტომდე.
რამდენიმე საარჩევნო ოლქში გასაჩივრდა ზოგიერთი საარჩევნო უბნის საზღვარი და დღეისათვის არ არის დასრულებული კანონით განსაზღვრული პროცედურები, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდება უბნების საზღვრები"- განმარტავენ კომისიაში.
ცესკოს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია არსებობდეს საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სიის დასრულებული ვერსია.
"მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კანონი არ ავალდებულებს, უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სია მოზადებისთანავე ხელმისაწვდომი გახდება საარჩევნო სუბიექტებისათვის.
ამასთან, ცესკო მოუწოდებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგით დაინტერესებულ ორგანიზაციებს მათ მიერ აღმოჩენილი ხარვეზები დროულად მიაწოდონ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას ან ცესკო-ს, მიუხედავად იმისა თუ როდის დაიყოფა სია საარჩევნო უბნების მიხედვით"- ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.