დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წელს 1117 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14 პროცენტით აღემატება 2011 წლის წინასწარ, ხოლო 37 პროცენტით 2010 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 1596 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22 პროცენტით აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნულ უწყებაში ამბობენ, რომ 2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 65 ქვეყნიდან განხორციელდა. 2010 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 61, ხოლო 2009 წელს 60 ქვეყანა შეადგინა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2011 წელს 83 პროცენტი შეადგინა.
პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 22 პროცენტით, მეორეზე - აზერბაიჯანი 12 პროცენტით, მესამეზე - დანია 9 პროცენტით.
2011 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 204 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს 2010 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღსანიშნავია ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და მშენებლობის სექტორებში.
2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილმა მშპ-ში 7.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია.