პოლონელი წყვილი მეჩესლავ და კრისტინა იეზირსკები, რომლიც ვარშავიდან დღეს ბათუმის აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისგან საჩუქრები მიიღო. უწყების ხელმძღვანელის, დავით ქიქავას განცხადებით, პროცენტული მაჩვენებელის მიხედვით, პოლონელი ტურისტების რიცხვი, შარშანდელთან შედარებით 14% -ით გაიზარდა, ამიტომაც სიმბოლურად მემილიონე ტურისტად პოლონელი წყვილი შეირჩა და დაჯილდოვდა.
მემილიონე ტურისტი მომავალ წელს ბათუმის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში „შერატონში“ ერთი კვირით დაისვენებს. ტურისტული სააგენტოს მიერ შეთავაზებული სრული სასაჩუქრე პაკეტი კი მაღალმთიანი აჭარის, ბოტანიკური ბაღის და მტირალას პარკის მონახულებას ითვალისწინებს.
ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წლის ივნისში აჭარას 745 პოლონელი ტურისტი ეწვია, ხოლო 2012 წლის ივლისში - 878. 2012 წლის იანვრიდან 11 აგვისტომდე აჭარა 1 016 165-მა ვიზიტორმა მოინახულა.
მასალის გამოყენების პირობები