არ არსებობს ძლიერი და დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე, თუკი გამარჯვების სულისკვეთება გაქვს, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებთან და იმ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლებიც სახაფხულო ბანაკში ისვენებენ.
მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა, სპორტსმენებს წარმატება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.
მიხეილ სააკაშვილმა ნაკრების წევრებს სამაგალითო უწოდა და აღნიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველომ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა.
სააკაშვილის თქმით, ოლიმპიადაზე 35-იდან 31 ქართველი დებიუტანტი იყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 4 წელიწადში მათგან საოცნებო გუნდი დადგება.
"არ შემიძლია არ ვიტრაბახო, რომ "ვარდების რევოლუციამდე" ჩვენ ვიყავით ბრინჯაოს ეპოქაში: ერთ ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაო, ხოლო მეორეზე 5 თუ 6 გვქონდა. 2004-ში, ათენის ოლიმპიადაზე, გვქონდა პირველი ოქრო, 2008-ში გვქონდა 3 ოქრო პეკინში, ახლა, მართალია, ერთი ოქრო გვაქვს, ეს ბედის გაღიმებაზეა, მაგრამ სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო გვაქვს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი ჩვენი პატარა მებრძოლი ქვეყნისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.