საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულებთან ერთად ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ესტუმრა.
სააკაშვილის განცხადებით, ზოგიერთმა, შესაძლოა, თქვას, რომ მეტი შეიძლებოდა, თუმცა მსოფლიოში ცოტაა ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე იმდენი ოქროს მედალი მოდის, რამდენიც საქართველოში.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსახლეობისა და მედლების რაოდენობის შედარების გათვალისწინებით ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ადგილზე ვართ.
"ამით ძალიან ვამაყობ. ძალიან ამაყი ვარ იმითაც, რომ აბსოლუტური ჩემპიონი თუ არა, მსოფლიოს ქალაქების პირველ სამეულში ოლიმპიური მედლების კუთხით არის ქალაქი გორი. ხინჩაგაშვილი, გოგშელიძე, შავდათუაშვილი გორიდან არიან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"შავდათუაშვილი არის გორიდან, კარალეთიდან. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელი და ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელიც კი ოდესმე გვყოლია",- აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ოლიმპიადაზე 35-იდან 31 ქართველი დებიუტანტი იყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 4 წელიწადში მათგან საოცნებო გუნდი დადგება.
"არ შემიძლია არ ვიტრაბახო, რომ "ვარდების რევოლუციამდე" ჩვენ ვიყავით ბრინჯაოს ეპოქაში: ერთ ოლიმპიადაზე ორი ბრინჯაო, ხოლო მეორეზე 5 თუ 6 გვქონდა. 2004-ში, ათენის ოლიმპიადაზე, გვქონდა პირველი ოქრო, 2008-ში გვქონდა 3 ოქრო პეკინში, ახლა, მართალია, ერთი ოქრო გვაქვს, ეს ბედის გაღიმებაზეა, მაგრამ სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო გვაქვს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი ჩვენი პატარა მებრძოლი ქვეყნისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.