თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით 15-31 აგვისტოს ფოთში ახალი ფესტივალი „ხელოვნების ზღვა" გაიმართება.
15 აგვისტოს 12:00 საათზე მალთაყვის ტყე პარკში თანამედროვე ხელოვნების ასოციაცია „Artactive Evolution" პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას მალთაყვის ტყე პარკის ახალი - ღია სახელოვნებო სივრცის კონცეფციას, ფესტივალის - „ხელოვნების ზღვის" მიზნებს და იმ კონკრეტულ პროექტებს გააცნობს რომელსაც დამთვალიერებელი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე 1 სექტემბერს იხილავს.
ხელოვნების პარკის სივრცე ყოველწლიურად ახალი ნამუშევრებით შეივსება. „შემოქმედებითი სივრცე - ღია ცის ქვეშ" საფუძველს ჩაუყრის ისეთი ლანდშაფტური გარემოს შექმნას, მალთაყვის ტყე პარკი გახდება საერთასორისო მასშტაბის შემოქმედებითი პლატფორმა, რომელიც გამორჩეული იქნება საგანგებოდ შექმნილი ნამუშევრებით.
პარკის უწყვეტი განვითარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და ამავდროულად შექმნის დასასვენებისა და შემეცნების ულატერნატივო გარემოს.
ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და იაპონელი მხატვრები ფოთის ზღვის სანაპიროზე, მალთაყვის ტყე პარკში 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ინსტალაციებს, ობიექტებს და ლანდშაფტური არქიტექტურის ინოვაციურ პროექტებს შექმნიან. ხელოვნების პარკი 1 -ელ სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.