დღეს, 15 აგვისტოს, 11:30 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) გამართავს ღონისძიებას, სადაც განიხილავენ ქალის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ საქართველოში არსებულ განწყობებსა და დამოკიდებულებას.
ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით, პოლიტიკაში ქალის ჩართულობასთან დაკავშირებული ნეგატიური სტერეოტიპების და არასწორი შეხედულებების შეცვლას.
ღონიძიებას გახსნიან IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ნერმინ ნიშიჩი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი სუზან ქაული და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი.
IFES-ი წარმოადგენს რვა ფოკუსჯგუფის კვლევის შედეგებს, რომელიც ეხება ქალის, როგორც პოლიტიკური კანდიდატის და არჩეული თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების განწყობებს და შეხედულებებს. ფოკუსჯგუფების კვლევა ჩატარდა 2012 წლის ივნისის ბოლოს მარნეულში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.
კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მედიის, არასამთავრობო, სამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და გენდერის ექსპერტები.
ღონისძიება იმართება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო"-ს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.