საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არანაირი გრძელვადიანი, ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს ვივარაუდოთ, რომ ლარი გაუფასურდება. გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებს მოკლევადიან სეზონურ ფაქტორს, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის გამყარებასა და შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებს.
„პირველი მიზეზი - ესაა მოკლევადიანი სეზონური ფაქტორი, როგორც მოგეხსენებათ იანვარი ეკონომიკურად პასიური თვეა და შესაბამისად შემცირებულია როგორც ფულის ბრუნვის სიჩქარე, ასევე ფულის მასაზე მოთხოვნა. მეორე მიზეზი სავალუტო ბაზარზე დოლარის გამყარება გახლავთ, მესამე მიზეზი ეს არის ის მცირე აჟიოტაჟი, რომელიც სამწუხაროდ ყოველთვის ახასიათებს საზოგადოების ქცევას ასეთ შემთხვევაში.
„მინდა განვაცხადო, რომ მოკლევადიანი გაუფასურება და გამყარება ყოველთვის იქნება და ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა გარანტირებულია. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რომელიც 2 მილიარდ დოლარზე მეტია, ამავდროულად ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმარისზე მეტი რესურსი და ყველა სათანადო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საჭიროების
შემთხვევაში ჩაერიოს ბაზარზე" - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გიორგი ქადაგიძემ ფასების დინამიკასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი მცირე რყევები არ შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე იმ კატეგორიის პროდუქციის ფასების ზრდას დავუკავშიროთ, რომელთა იმპორტიევროკავშირის ქვეყნებიდან ხდება, ვინაიდან ბოლო პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებაში შესამჩნევად გამყარდა, შესაბამისად, თუკი ფასების ცვლილებაზეა საუბარი, ამ ფაქტორს პროდუქციაზე
ფასების მხოლოდ კლება უნდა გამოეწვია.