საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალს საკუთარი პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანაში დახმარებას ჰპირდება.
შესაბამისი წინადადება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაშია გაწერილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.
ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს აფხაზეთსა და ცხინვალში მოყვანილი პროდუქციის რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებზე გატანა-გაყიდვისთვის შესაბამისი იურიდიული მექანიზმები თავად მოიძიოს.
"აღნიშნულმა მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყოს წარმოების პირობების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე მოაწესრიგოს ხარისხის სისტემების სერტიფიცირებასთან, საგადასახადო და საბაჟოსთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქვამია სახელმწიფო სტრატეგიაში.