რუსულმა დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუციის კენჭისყრისას რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა არ მისცა. მან - თავი შეიკავა. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა რუსეთის დელეგაციის ეს ქმედება იმით ახსნა, რომ "რეზოლუციაში გონივრული რაღაცეებიც იყო".
მართალია კოვალიოვი ასევე აღნიშნავს, რომ ეუთოს სესია "მთლიანობაში ტენდენციური იყო და ჩემი აზრით, მრავალ შემთხვევაში პოზიცია უბრალოდ, ანტირუსული იყო და რუსეთის საზიანოდ მიმართული. ეს ეხება საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც - მას მრავალ შემთხვევაში ტენდენციური ხასიათი ჰქონდა", _ აცხადებს კოვალიოვი და აღნიშნავს, რომ რუსულ დელეგაციას ამ რეზოლუციისათვის მხარი არ დაუჭერია და კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რატომ არ მისცა რუსულმა დელეგაციამ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა და მხოლოდ თავი შეიკავა, კოვალიოვი აღნიშნავს, რომ "რეზოლუციაში არის გონივრული რაღაცეები, რომელთა წინააღმდეგაც ხმის მიცემა უბრალოდ არამიზანშეწონილია".
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიებია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
რეზოლუციის პროექტმა სხდომაზე ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და დამტკიცდა კიდეც. დოკუმენტი პოლონელი დეპუტატის მიხალ შერბოის მიერ იყო მომზადებული. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე რეზოლუციის პროექტი ეუთოს პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მოიწონა.
რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე გამოხატულია შეშფოთება "როგორც საქართველოს ტეროიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობის ირგვლივ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა (საქართველო ) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) მყოფი პირების ჰუმანიტარული მდგომარების ირგვლივ და ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების მათთვის უარის თქმის გამო".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა მხარეს "დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და სრულყოფილად შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელივ ევროკავშირის შუამავლობითაა გაფორმებული.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობებისადმი დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთი (საქართველო) და სამხრეთ ოსეთი (საქართველო) ამ მისიის შეუფარხებელი მისაწვდომობა უზრუნველყონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში.