თურქული კომპანიები საქართველოში 1 მლრდ დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ, ამის ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თურქეთის ვიცე-პრემიერთან ბულნეთ არინჩთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ნიკა გილაურის განმარტებით, საქართველოსა და თურქეთს კარგი მეზობლური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვს და ეს ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
"თურქეთის ვიცე-პრემიერს ბულენთ არინჩს საქართველოში საკმაოდ კარგი პროგრამა აქვს და მასთან შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი საკითხი განვიხილეთ. თურქეთი წარმოადგენს საქართველოს ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორს და საქართველოც წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს თურქეთისთვის. ჩვენ როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ დონეზე საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს. თურქეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი საერთაშორისო არენაზე. და მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, თურქეთი არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტორი საქართველოსთვის. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების რაოდენობა იზრდება. თურქეთთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს. ამ ეტაპზე ხორციელდება ბაქო-თბბილის-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც 1,5 წელიწადში დასრულდება და ასევე თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომლის მშენებლობას გასულ წელს დავიწყეთ. თურქული კომპანიები დღეს საქართველოში 1 მლრდ დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ, რომლის უმეტესობაც ჰიდროსექტორზე მოდის"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.
თურქეთის ვიცე-პრემიერის ბულნეთ არინჩის განმარტებით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თურქეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ან ეკონომიკური პრობლემები არ არსებობს.
"თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დაუჭიროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას და ამ მიმართულებით ჩიკაგოს სამიტი ერთობ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს უპასპორტო მიმოსვლა აქვს. ჩვენ გვაქვს საერთო გამოყენების პროექტები"- აღნიშნა თურქეთის ვიცე-პრემიერმა
აღსანიშნავია, რომ თურქი მაღალჩინოსანი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება და ის ოფიციალური შეხვედრებს ბათუმში გააგრძელებს.