სერბეთში პარლამეტის (სკუპშინას) ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. პირველი დამფუძნებელი სხდომა დეპუტატებმა დღეს ჩაატარეს, რომელზეც ახლადარჩეულთა უფლებამოსილებები დამტკიცდა.
სერბეთის პარლამენტში 250 ადამიანია. პირველ სხდომას 243 დეპუტატი და ცესკოსა და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სხდომას ყველაზე ხნიერი - 86 წლის დეპუტატი ზახარიე ტრნავჩევიჩი უძღვებოდა და მას ოთხი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი ეხმარებოდა.
დეპუტატებმა ერთგულების ფიცი დადეს. სპიკერი და მისი მოადგილეები ამ სხდომაზე ვერ აირჩიეს, იმის გამო, რომ პარლამენტში მოხვედრილმა პარტიებმა ამ დრომდე ვერ გააფორმეს ხელშეკრულება კოალიციის შესახებ იმისათვის რათა საპარლამენტო უმრავლესობა შექმნან.
პარლამენტის მომავალი სხდომა დღესვე გაიმართება, მასზე სერბეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი ფიცს დადებს და ხუთწლიანი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. სერბეთის პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.
შეგახსნებთ, რომ სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა მოსკოვში ყოფნისას განაცხადა, რომ შესაძლოა სერბეთის პარლამენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს. ეს განცხადება მან მაშინ გააკეთა, როდესაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისი პირველი ვიზიტი რუსეთში, პარტია "ედინაია როსიას" ყრილობაზე დასასწრებად განახორციელა.
ჟურნალისტის კითხვაზე - "თქვენ იცით რომ არსებობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თქვენ როგორც პრეზიდენტი რაიმე სახით აპირებთ თუ არა მათ აღიარებას და საერთოდ შეგიძლიათ ამ საკითხზე თქვენი პოზიცია ჩამოაყალიბოთ" - ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა:
"სულ სხვა და სხვა სიტუაციებია და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს ასეა. ამიტომაც აქ და იქ ერთი და იგივე პრინციპების გამოყენება არ გამოდგება. ჩვენ პარლამენტში ამ საკითხს განვიხილავთ", _ განაცხადა პრეზიდენტმა და დააკონკრეტა, რომ პარლამენტში სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვის შესაძლებლობაზე საუბრობდა.
"დიახ თუ პარლამენტში ასეთი საკითხი დადგება ის განხილული იქნება კიდეც. ამით ჩვენ კოსოვოში ჩვენს ინტერესებს არ ვემუქრებით. აქ პრინციპულად ძალიან დიდი სტატუსობრივი განსხვავებები არსებობს", _ განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.