თამარ მეფის (1184-1213) ხსენების დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი წმინდა მეფესთან დაკავშირებული, საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.
საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცულია თამარ მეფის დროინდელი სამი დოკუმენტი: ხელნაწერი წიგნი - ანჩის სახარება და ორი სიგელი გაცემული თამარის მიერ.
ერთ-ერთი სიგელი დღემდე მოღწეულია კალკაზე გადაღებული დედნის პალეოგრაფიული პირის სახით, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ხელრთვებით, რომლის ეტრატის მულიაჟის დამზადება ახლა დასრულდა. გთავაზობთ ამ დოკუმეტების დეტალურ აღწერას:
1202 წელი, ყმების შეწირულების სიგელი მეფე თამარისა შიო მღვიმის მონასტრისადმი. ანტონ ჭყონდიდელ-მთავარეპისკოპოსის თხოვნით მეფემ შეწირა სხალტბას, წყაროს სათავეში მოსახლე ქოსაისძენი წყლის მკაზმავებად. საბუთის დამწერია მწიგნობარი იაკობ იწრელისძე. სიგელს ამტკიცებენ თამარ მეფე, დავით სოსლანი, მღვიმის კრებული, ანტონ ჭყონდიდელი და ქართლის მთავარეპისკოპოსი. არქივში შემორჩენილია დედნის პალეოგრაფიული პირი (დედანი დაკარგულია), რომელიც გადაღებულია კალკაზე 1911 წელს, ისტორიკოს სარგის კაკაბაძის მიერ. გრაგნილი. ზომა 20527. საბუთს ახლავს ხელრთვები: 1. მტკიცე ყოს ღმერთმან შეუცვალებელად (თამარ მეფე) 2. ქ. მე მეფესა დ ა ვ ი თ ს ა ც ა დამიმტკიცებია, მტკიცეა ნებითა ღ(მრ)თისათა (დავით სოსლანი).
საბუთის პალეოგრაფიული პირი ძლიერ იყო დაზიანებული, რის გამოც სამკითხველო დარბაზში არ გაიცემოდა. კალკაზე გადაწერილი საბუთის აღდგენა ლაბორატორიამ შესაბამისი მასალის შეძენის შემდეგ მოახერხა. ამის შემდეგ გადაწყდა სიგელის ძირითადი ნაწილის მულიაჟის დამზადება, რომელიც ითავა ხელოვნებათმცოდნე რესტავრატორმა ლია სიხარულიძემ. მან მულაჟი ვატიკანიდან ჩამოტანილ ეტრატზე დაამზადა. პერგამენტის მულაჟი და რესტავრირებული პალეოგრაფიული პირი საუკუნეებს გაუძლებს და მომავალ თაობებს საშუალება ექნებათ, იხილონ თამარ მეფისა და დავით სოსლანის ხელრთვები.
1204-1207 წლების ანჩის სახარება. ოთხთავი. ზომა: 22,515,5. ნუსხური. თამარ მეფისა და ბექა ოპიზარის დროინდელი. ტვიფრული ყდა მოჭედილია ვერცხლის ჯვრითა და დიდი მწვანე თვლით. თავის დროზე ყდა მოჭედილი ჰქონია ბექა ოპიზარს თამარ მეფის ბრძანებით, მას შემდეგ, რაც ჩამოიტანეს წყაროსთავიდან ,,ყოვლად შეკნინებული", თავდაპირველი ყდა დაკარგული იყო. XVI საუკუნეში სახარებისათვის გაუკეთებიათ ახალი ტყავის ყდა, რომელიც მოუჭედიათ ვერცხლითა და მწვანე თვლით. ახლავს მათე მახარებელის მინიატურა და კამარები. პირველი ცნობები ამ სახარების შესახებ ვარძიის მონასტრის ბერმა კალისტრატემ 1890 წელს გამოაქვეყნა გაზეთ `ივერიაში~, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ხელნაწერის მდებარეობის შესახებ. ამის შემდეგ, 1895 წელს წალკაში მოეწყო ექსპედიცია ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით. ექსპედიციის მონაწილეებმა წალკის რაიონის სოფელ წინწყაროში, ბერძნების სახლში, ნახეს ორი სახარება (ორივე ინახება ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში). ერთერთი მათგანი სწორედ ანჩის სახარებაა. ექვთიმე თაყაიშვილმა შეძლებისდაგვარად შეისწავლა სახარებები, მაგრამ დროის სიმცირის გამო სრული გამოკვლევა ვერ მოხერხდა. 1923 წელს ხელნაწერები ჩამოიტანეს წალკიდან და არქივში მოათავსეს.
1187 წლის სოფელ ჭორვილას შემოსავლის ნაწილის შეწირულების წიგნი თამარ მეფისა გელათისადმი. ეტრატი. ნაკლული. ზომა 214,429,5. სრული ტექსტი ქუთაისის მუზეუმში ნახა და 1909 წელს გადაწერა ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ. მან ამ გადანაწერისა და შემორჩენილი დედნის (დაიკარგა ნაწილი გეორგიევსკში) საფუძველზე საბუთი გამოსცა 1925 წელს. დედანი შედგებოდა 7 კეფისაგან, შემორჩენილია 5 კეფი. სამწუხაროდ, დაიკარგა სიგელის დამტკიცებითი ნაწილი, რომელზეც იყო თამარის ხელრთვა. ამ სიგელით თამარ მეფემ გელათის მონასტერში სარჩოს გარეშე მყოფ 12 ბერს გაუჩინა მუდმივი შემოსავალი - სოფელ ჭორვილას გამოსაღების ნაწილი. დამწერი საწოლისა და საჭურჭლის მწიგნობარი არსენ სამძივარი