დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ პარტიის შიგნით არსებული ზეწოლის მიუხედავად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ Sky News იუწყება.
ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას სტარმერმა აღნიშნა, რომ მას გადადგომის გეგმები არ აქვს და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი - არ ვაპირებ წასვლას. მტკიცედ მჯერა, რომ უნდა ვემსახურო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს თანამდებობა მომანდეს“, - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.
სტარმერის თქმით, ის აპირებს პრემიერის პოსტის შენარჩუნებას მომდევნო საყოველთაო არჩევნებზეც.
ამასთან, მან აღიარა იმ სირთულეები, რომლებიც მის პარტიას 7 მაისს გამართული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეექმნა, თუმცა აღნიშნა, რომ პარტიის შიდა ზეწოლას არ დაემორჩილება და „გადადგომის გრაფიკს“ არ გამოაცხადებს.
„რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ადგილობრივი არჩევნების, ასევე უელსისა და შოტლანდიის შედეგების შემდეგ არსებულ გამოწვევებს, თუმცა მთავარი ამოცანაა ვითარების შეცვლა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩემი ყურადღება სწორ საკითხებზე იყოს მიმართული“, - აღნიშნა სტარმერმა.