უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციის საკითხი საბოლოოდ დღეს გაირკვევა. ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ დაგეგმილი სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. კიევში აცხადებენ, რომ ქართველი დამკვირვებლების დასწრება უკრაინული არჩევნებისათვის დემოკრატიის ტესტი იქნება.
ეს საკითხი პრეზიდენტობის კანდიდატების ურთიერთბრალდებების საფუძველიც გახდა. გამორიცხული არ არის ცესკომ, ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერების ზეწოლით კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და ქართველი დამკვირვებლები არჩევნებზე არ დაუშვას.
აღსანიშნავია, რომ ქართველი დამკვირვებლების საკითხი უკრაინის ცესკოს გუშინ უნდა განეხილა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი აცხადებს, რომ იანუკოვიჩის პარტია კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებულ სკანდალს ნეგატიურად აფასებენ უკრაინაში აკრედიტებული სხვა და სხვა ქვეყნების დიპლომატებიც. მიუხედავად ამ რეზონანსისა არ არი გამორიცხული, რომ რეგიონების პარტიის წევრები საარჩევნო კომიიის ბლოკირებას მოახდენენ. ქართველი დამკვირვებლების საკითხს უკრაინაში უკვე უწოდეს უკრაინის ღირსების საკითხი. უკრაინის ცესკოში ქართველი დამკვირვებლების შესახებ თბილისის დროით 18:00 უნდა იმსჯელონ.