უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კიდევ ერთ რუსული გემს დაარტყა. მისი თქმით, ნავთობტანკერებს, რომლებზეც იერიში მანამდე განხორციელდა, დაემატა „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდიც.
ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ზე განაცხადა.
„კალიბრის“ მატარებლის განადგურების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ხმარამ აცნობა. ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, უპილოტო სისტემების ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო დაზვერვა და მესაზღვრეები.
„დაზიანდა სარაკეტო გემი„კარაკურტი“, ასევე საპატრულო კატერი და კიდევ ერთი ტანკერი ჩრდილოვანი ნავთობფლოტიდან.
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ასევე ნავთობტერმინალის ინფრასტრუქტურას. თითოეული ასეთი შედეგი ამცირებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს.
დავუჭირე მხარი უსაფრთხოების სამსახურს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ რუსეთის დარტყმებზე დამატებითი, სრულიად სამართლიანი პასუხების განხორციელებაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში განმარტეს, რომ მცირე სარაკეტო გემი „კარაკურტი“ აღჭურვილი იყო გამშვები დანადგარით და რვა ფრთოსანი „კალიბრის“ რაკეტით, რომელთა მოქმედების მანძილი 2000 კმ-მდე აღწევს.
ასევე, 67 მეტრი სიგრძის გემს ჰქონდა საზღვაო ბაზირების საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსი „პანცირ-М“.
მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია ნავთობის ტერმინალი „პრიმორსკი“, რომელიც ეკუთვნის რუსულ სახელმწიფო კომპანიას "ტრანსნეფტს". ამ ტერმინალს უერთდება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის ყველა ნავთობსადენი, საიდანაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები ექსპორტზე გადის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით.
შეგახსენებთ, მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს დარტყმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ ტანკერზე ნოვოროსიისკი პორტის მახლობლად.