აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 6 მარტს დაესწრებიან ამერიკის მშვიდობის კორპუსის 24 მოხალისის პატივსაცემად გამართულ მიღებას სასტუმროში Holiday Inn.
მოხალისეები ასრულებენ ორწლიან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის. ეს მოხალისეთა მეათე ჯგუფია, რომელმაც 2001 წელს დაარსებული პროგრამის ფარგლებში იმსახურა საქართველოში.ამ ჯგუფში არის 19 ინგლისურის მოხალისე მასწავლებელი, რომლებიც ასწავლიან საჯარო სკოლებში, ასევე 7 მოხალისე-კონსულტანტი, რომლებიც არასამთავრობო და ბიზნესორგანიზაციებში მუშაობენ. მოხალისეების ეს ჯგუფი მოღვაწეობდა კახეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და აჭარაში. მათ თავიანთი ორწლიანი მუშაობა დაიწყეს 2010 წლის 9 ივლისს. ისინი შეაჯამებენ და შეაფასებენ თავიანთი მოღვაწეობის შედეგებს და გვიან ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდებიან.
ამჟამად საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს 68 მოხალისე. მათგან ორი მესამედი განათლების პროგრამის ფარგლებში მოღვაწეობს და ადგილობრივი ინგლისური ენის მასწავლებლებლებთან ერთად მუშაობს მოსწავლეთა საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, ეროვნული სასწავლო პროგრამის წარმატებით დანერგვაზე, თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემუშავებაში, არსებული სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და თემში ინგლისური ენის უკეთ შესწავლისათვის პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაში.
მშვიდობის კორპუსი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საჯარო სკოლებთან და ადგილობრივ თემებთან. დღეისათვის 300--ზე მეტმა ინგლისურის ენის მოხალისე მასწავლებელმა იმსახურა საქართველოში, რომლებმაც 1500-ზე მეტ ადგილობრივ მასწავლებელთან და 45000-ზე მეტ მოსწავლესთან ითანამშრომლეს.
საშუალო სკოლებში ინგლისურის სწავლების პროექტის გარდა, მშვიდობის კორპუსი ახორციელებს სოციალური მეწარმეობისა და ორგანიზაციული განვითარების პროგრამას (SEOD), რომლის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს მდგრად განვითარებაში, პროფესიონალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და თემისთვის აუცილებელი პროექტების განსაზღვრაში. ამასთან ერთად SEOD პროგრამის ბევრი მოხალისე არაფორმალურ ინგლისურის გაკვეთილებს ატარებს თავისი კოლეგებისა და თემის წევრებისთვის.
2004 წელს დაარსების შემდეგ ამ პროგრამის ფარგლებში 87-მა მოხალისემ იმსახურა საქართველოში. 2001 წლიდან მოყოლებული, საქართველოში იმსახურა 426-მა მოხალისემ და თავისი გამოცდილება გაუზიარა ქართველ პარტნიორებს, კოლეგებს და თემის წევრებს. ასევე, მოხალისეებმა ქართველებს გააცნეს ამერიკული კულტურა, ხოლო თავად კი ქართულ კულტურას ეზიარნენ.
მშვიდობის კორპუსი აშშ-ის სამთავრობო სააგენტოა, რომელიც პრეზიდენტმა ჯონ ფ. კენედიმ 1961 წელს დააარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის გასავრცელებლად.