ისრაელის საელჩოსთან დაკავშირებით მომხდარი ინცინდენტი განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს არ იწვევს. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი იყოს. შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით იმუშავებენ", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ ავტომანქანა, რომელსაც უკავშირდება მომხდარი ინცინდენტი არ წარმოადგენდა ისრაელის საელჩოს კუთვნილებას.
„როგორც იცით, ის მანქანა სულ არ ეკუთვნოდა ისრაელის საელჩოს და ის ეკუთვნოდა ადამიანს, კერძო პირს, რომელიც მუშაობს ისრაელის საელჩოში. ასე რომ პარალელები კი ივლებოდა დელიში მომხდარ აფეთქებასთან მიმართებაში, მაგრამ ვითარება არის სულ სხვადასხვა და ამას სპეციალისტები გაარკვევენ", - აღნიშნა ბარამიძემ
ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა ისრაელის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში გამომძიებლების მოვლინებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანასთან.
„ჩვენ მზად ვართ დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ. რამე განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა ქონდეთ და არც აქვთ", - განაცხადა ბარამიძემ.