ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 11 თებერვალს, 14:00-საათზე, ჭავჭავაძის 32-ში მდებარე წიგნის მაღაზია „ლიგამუსში" პოლონელი პოეტის ვისლავა შიმბორსკასადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია ქართულ-პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ხიდი პოლონეთთან" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობს, ქართველი და პოლონელი ახალგაზრდები წაიკითხავენ პოეტის ლექსებს და ისაუბრებენ მისი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ, უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯოხაძე კი იმ ლექციის შესახებ ისაუბრებს, რომელიც ვისლავამ ნობელის პრემიის მიღების ცერემონიალზე წარდგენისას წაიკითხა.
გია ჯოხაძემ ასევე თარგმნა ცნობილი პოლონელი პოეტის საუკეთესო ლექსები.
როგორც ორგანიზაციის „ხიდი პოლონეთთან" დამფუძნებელი გოჩა ლაგვილავა ამბობს, უახლოეს მომავალში იგეგმება შიმბორსკას ქართულ ენაზე ნათარგმნი ლექსების კრებულის გამოცემა. მისი თქმით, შიმბორსკა ერთადერთი ცოცხალი პოლონელი ნობელიანტი იყო, თუმცა მას ნაკლებად იცნობენ საქართველოში.
„ ჩვენ გადავწყვიტეთ წიგნის გამოცემა, რათა შიმბორსკას პოეზიას უფრო ფართო საზოგადოება საქართველოშიც გაეცნოს. ეს იქნება საუკეთესო ლექსების კრებული პოეტისა, რომელმაც განუმეორებელი ხიბლი შესძინა პოლონურ პოეზიას. ამ პროექტის თაობაზე მოლაპარაკებები ჩვენს ორგანიზაციასა და პირადად შომბორსკასა და მის პრეს-ატეშესთან მიმდინარეობდა. თავად შიმბორსკა ძალიან ბედნიერი იყო, როცა შეიტყო, რომ მის ლექსებს ქართულად ვთარგმნიდით და წიგნის გამოცემას ვგეგმავდით. მან მადლობა გადაგვიხადა და საქართველოში ჩამოსვლასაც დაგვპირდა. სამწუხაროდ, მისი საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოესწრო, მაგრამ მის წიგნს მკითხველი უახლოეს მომავალში აუცილებლად იხილავს" - ამბობს გოჩა ლაგვილავა.
თბილისში შიმბორსკას პოეზიის საღამოზე გაიხსენებენ, პოლონეთში კი ორგანიზაციის „ხიდი პოლონეთთან" პოლონელი წევრები პოეტის საფლავს გვირგვინებით შეამკობენ და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.
ვისლავა შიმბორსკა 88 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.