დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 5000-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცისა და რამდენიმე სამხედრო გემის განლაგება დაამტკიცა.
Wall Street Journal სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, იუწყება, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მოთხოვნა უკვე დაამტკიცა ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა.
გამოცემა წერს, რომ იაპონიაში ბაზირებული სადესანტო ხომალდი USS Tripoli, რომელსაც საზღვაო ქვეითები გადაჰყავს, ამჟამად ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება, სადაც საზღვაო ქვეითების სხვა დანაყოფები უკვე განლაგებული არიან.
NBC-ის წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ადრე საჯაროდ უწოდა ირანში სახმელეთო ოპერაციას „დროის კარგვა“, მან პირადად გამოთქვა სერიოზული ინტერესი ირანში შეზღუდული ჯარების ყოფნის მიმართ კონკრეტული სტრატეგიული მიზნების მიმართ.
მასშტაბურ შეჭრაზე საუბარი არ არის, თუმცა, მედიის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს ირანის ურანის მარაგებზე კონტროლის დამყარების ვარიანტს, ასევე, ვენესუელის მოდელის მიხედვით, თეირანთან ნავთობის სექტორში შესაძლო ომისშემდგომ თანამშრომლობას.
ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის თავდასხმების გამო ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ინფორმაციასთან დაკავშირებით პენტაგონში WSJ-სთან კომენტარი არ გააკეთეს.