საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა.
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე მომხსენებელია პროფესორი პატრიცია გჟებიკი.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადგილი ჰქონდა დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლას. მომხსენებლის თანახმად, გამოიკვეთა მომიტინგეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სხვა სახის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი.ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობამ, სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია, რასაც თან ახლავს ამ დარღვევების ჩამდენთა თითქმის სრული დაუსჯელობა.
„ხელისუფლებამ თანდათან შეზღუდა გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და ლგბტ+ თემის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის მიღებით. უფრო მეტიც, აღნიშნული თავისუფლებები არაპროპორციულად შეიზღუდა ისეთი ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორიცაა მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით. მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას.
ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრულ გარემოს ამძაფრებს დაუდგენელი პირებისგან შემდგარი მამაკაცთა ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის პრაქტიკულად უკონტროლო შემთხვევები; ეს პირები პერიოდულად ესხმიან თავს ხელისუფლების კრიტიკოსებს, ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დღისით-მზისით და აშკარა დაუსჯელობის პირობებში. ამ ატმოსფეროს ასევე განაპირობებს ხელისუფლებასთან აფილირებული პირების მხრიდან მომდინარე სასტიკი, მასტიგმატიზებელი რიტორიკა. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეშფოთება იმ პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც სისხლისსამართლებრივ დევნას განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო განიცდიან“, – ნათქვამია ანგარიშში.
მანდატის შესაბამისად, მომხსენებელმა შეაფასა მიმდინარე მოვლენები საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში და ამის საფუძველზე შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
რეკომენდაციებს შორის არის, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება.
ასევე, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგარიშში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე.
ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობას ეძლევა რეკომენდაცია, განიხილონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლება ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით. უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, დასაჯონ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მაგალითად წამების) ჩამდენი პირები, მიუხედავად იმისა, სად მოხდა დანაშაული ან რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე.
რეკომენდაციები საქართველოში თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით:
- ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე.
- განხორციელდეს აუცილებელი ცვლილებები არჩევნების ორგანიზებაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
- მოწვეულ იქნან საგარეო დამკვირვებლები (კერძოდ, ეუთო/ODIHR-ის მისია) მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად. მოწვევა უნდა გაიგზავნოს საკმარისად ადრე, რათა ODIHR-მა შეძლოს სადამკვირვებლო მისიის ჯეროვნად და სრულფასოვნად განხორციელება.
- ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ოპოზიციის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე დაშინებისა და მუქარის რიტორიკული კამპანიებისგან.
- ხელისუფლებამ თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცედურების თვითნებური ინიციირებისგან და უკან გაითხოვოს ამჟამად განსახილველი განაცხადები.
- გაუქმდეს თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების მიმართ (კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 318-ე და 319-ე მუხლებზე დაფუძნებული ბრალდებები).
საკანონმდებლო რეფორმების შესახებ:
- გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტი და „გრანტების შესახებ“ კანონის ის დებულებები, რომლებიც უცხოურ გრანტებს ეხება. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან მათი ფართომასშტაბიანი შეუსაბამობის გათვალისწინებით, მომხსენებელი მიიჩნევს, რომ მიზნობრივი შესწორებების გზით მათი ამ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გადაწყვეტს ამ კანონების გაუქმებას, ისინი, მინიმუმ, უნდა შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს, კერძოდ, გულისხმობს: აღნიშნული კანონმდებლობის სუბიექტების ბენეფიციარებისა და პარტნიორების შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების ამოღებას; ამ კანონების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების შემცირებას;„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულების მნიშვნელოვან შეზღუდვას იმის გათვალისწინებით, მოქმედებს თუ არა სუბიექტი რეალურად უცხოური მითითებებით. გარდა ამისა, ამ კანონებში გამოყენებული ენა ბევრად უფრო ზუსტი უნდა იყოს.
- ანალოგიურად, გაუქმდეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებასა და მაუწყებლობის შინაარსზე დაწესებულ შეზღუდვებს (54-ე მუხლი).
- გაუქმდეს კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“. ეს განსაკუთრებით, თუმცა არა ექსკლუზიურად, ეხება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებისა და ტრანსგენდერული იდენტობის გათანაბრებას ინცესტთან; ამ ცნებების „პოპულარიზაციის“ აკრძალვას, მათ შორის შეკრებების მეშვეობით; გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების აკრძალვას და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და სამოქალაქო აქტებში სქესის ნიშნულის შეცვლის აკრძალვას.
- სახელმწიფო ღალატის დანაშაულის საფუძვლები უნდა შევიწროვდეს და გახდეს უფრო კონკრეტული, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ხელისუფლების უბრალო კრიტიკისთვის იმ სუბიექტების დევნას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ან „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტის (FARA) მოქმედების სფეროში ხვდებიან.
- უნდა გაუქმდეს რეგულაციები, რომლებმაც შემოიღო სახის დაფარვის აბსოლუტური აკრძალვა დემონსტრაციების დროს. სხვა რეგულაციები, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავს შეკრების უფლებას (როგორიცაა ავტომატური დაკავება და არაპროპორციულად მაღალი ჯარიმები), უნდა გაუქმდეს ან გადაიხედოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სათანადო ბალანსი ამ უფლებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას შორის.
- უმაღლესი განათლების რეფორმირების პროცესში დაცული უნდა იყოს აკადემიური ინსტიტუტების ავტონომია.
წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის შესახებ:
- დაუყოვნებლივ შეწყდეს ფიზიკური ძალის არაპროპორციული გამოყენება, განსაკუთრებით კი წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
- უზრუნველყოფილ იქნას ძალის პროპორციული გამოყენება იმ მომიტინგეების მიმართაც, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ.
- ჩატარდეს დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებულ ყველა ბრალდებაზე.
- უზრუნველყოფილ იქნას პირთა დაკავების და ტრანსპორტირების პროცესის შესაბამისობა ადამიანის ღირსების პატივისცემასთან. უზრუნველყოფილ იქნას დაკავების სათანადო პირობები.
- შესაძლებლობის ფარგლებში, დაცულ იქნან ბავშვები საპოლიციო რეიდების ზეგავლენისგან და საპოლიციო ოპერაციების დროს დაინერგოს ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკა.
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შესახებ:
- დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პატიმარი, მათ შორის ოპოზიციის წევრები. მომავალში ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მათი პოლიტიკური მოტივებით დაკავებისგან.
- დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჟურნალისტები და საჯარო დებატების სხვა მონაწილეები, რომლებიც დაკავებულნი არიან გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გამო. მომავალში ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მსგავს გარემოებებში პირთა დაკავებისგან.
- დაცული იყოს კანონიერების, პროპორციულობისა და ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის პრინციპები თავისუფლების აღკვეთისას.
სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ:
- უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დაცვა, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მხარეთა თანასწორობა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში იურიდიულ დახმარებაზე ოპერატიული წვდომა.
- გარანტირებული და დაცული იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო რეფორმირების გზით.
- შეწყდეს ბრალდებულების მოთავსება ნებისმიერი სახის გისოსებში სასამართლო პროცესების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს უსაფრთხოების გადაუდებელი საჭიროება.
- უზრუნველყოფილ იქნას იურიდიული წარმომადგენლების წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე, საქმის მასალებსა და დოკუმენტებზე სათანადო დროში, რათა მათ შეძლონ ეფექტური სამართლებრივი დახმარების გაწევა.
- უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო პროცესების ადეკვატური გამჭვირვალობა.
- მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცედურების რეფორმირება, რათა გამოირიცხოს დაკავების საფუძვლად მხოლოდ პოლიციის დაუდასტურებელი ჩვენების გამოყენება.
შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ:
- უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2020 წლის 37-ე ზოგადი კომენტარი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრეცედენტული სამართალი.
- დაცული იყოს სპონტანური შეკრების უფლება, როგორც შეკრების თავისუფლების განუყოფელი ნაწილი.
- შეწყდეს იმ ჟურნალისტების დევნა, რომლებიც აშუქებენ საპროტესტო აქციებს.
- ხელისუფლებამ თავი შეიკავოს მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა თვითნებური დაკავებისა და დაჯარიმებისგან.
- ხელისუფლებამ თავი შეიკავოს იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების თვითნებური სანქცირებისგან, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობის პოლიტიკასა და ქმედებებს.
- უზრუნველყოფილ იქნას უფლებადამცველთა დაცვა გაეროს 1998 წლის „დეკლარაციის უფლებადამცველების შესახებ“ და ეუთო/ODIHR-ის 2014 წლის „უფლებადამცველთა დაცვის სახელმძღვანელო პრინციპების“ შესაბამისად.
- არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დავიდეს მხოლოდ იმ უკიდურეს აუცილებლობამდე, რაც საჭიროა ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
- ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუმართლებელი რეპრესიისგან, ასევე მათი აღჭურვილობის და გადაღებული მასალის უსაფუძვლო ჩამორთმევის ან დაზიანებისგან.
- გაუქმდეს მაუწყებლობის შინაარსზე დაწესებული გადაჭარბებული შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ:
- შეწყდეს სტიგმატიზაციისა და დაშინების კამპანია პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლგბტ+ პირების მიმართ და შესაბამისად შეიცვალოს რელევანტური კანონები.
- უზრუნველყოფილ იქნას, რომ არ მოხდეს არასაჭირო პერსონალური მონაცემების შეგროვება და სენსიტიური მონაცემები არ გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა (TFI) და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ აქტის (FARA) აღსრულების კონტექსტში.
ანგარიშვალდებულების შესახებ:
- უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საჭირო საშუალებებითა და რესურსებით, რათა მან შეძლოს მასზე დაკისრებული ყველა ამოცანის შესრულება, მათ შორის, პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება.
- ოპერატიულად იქნას გამოძიებული პოლიციის/უსაფრთხოების ძალებისა და დაუდგენელი, ნიღბიანი პირების მიერ ჩადენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევა.
- უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებები ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის შემთხვევებზე.
- უზრუნველყოფილ იქნას სრული რეაბილიტაცია და კომპენსაცია ყველა იმ მსხვერპლისთვის, ვინც დაზარალდა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შედეგად.
- გატარდეს შესაბამისი დისციპლინური ზომები იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა მონაწილეობა სერიოზულ გადაცდომებსა და უფლებების დარღვევაში დასტურდება სარწმუნო მტკიცებულებებით.
საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ:
- ითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან, ისევე როგორც სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან, რომელთა მანდატიც ვრცელდება საქართველოზე, და გაითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები.
- ითანამშრომლეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW), რათა გაირკვეს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული ბრალდებები.
- აღიარეთ ჰუმანიტარული ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომისიის კომპეტენცია ჟენევის 1949 წლის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის შესაბამისად და მოახდინეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის დარჩენილი ცვლილებების რატიფიცირება, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით.
- მოახდინეთ 2006 წლის „ყველა პირის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება.
რეკომენდაციები ეუთოს სახელმწიფოებს:
- მოითხოვონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას.
- უზრუნველყონ მოსკოვის მექანიზმის მიგნებების სისტემატური მონიტორინგი, მათ შორის, მუდმივმოქმედ საბჭოში პერიოდული განხილვების გზით.
- განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე ანგარიშში აღწერილ განსაკუთრებით სერიოზულ დარღვევებზე.
- გააგრძელონ ძალისხმევა ყველა რელევანტურ აქტორს შორის დიალოგის ხელშეწყობისთვის.
- მიავლინონ საარჩევნო სადამკვირვებლო მისია მომავალი არჩევნებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა.
- განიხილონ საქართველოში ეუთოს ოფისის გახსნის შესაძლებლობა.
- მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტორებს საქართველოში და დევნილობაში მყოფ ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.
რეკომენდაციები საერთაშორისო თანამეგობრობას:
- მხარი დაუჭირონ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების აღრიცხვასა და დოკუმენტირებას.
- განიხილონ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლებაეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით.
- უზრუნველყონ იმ პირთა დაცვა და დახმარება, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუხდათ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მინიჭების, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებული ტრავმებისა და დაზიანებების მკურნალობის გზით.
- მხარი დაუჭირონ უფლებადამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის, დევნილობაში მყოფი ორგანიზაციების რეგისტრაციის ხელშეწყობის გზით.
- აღმოუჩინონ მხარდაჭერა საქართველოს საჭირო სამართლებრივი რეფორმების გატარების მიზნით.
- ხელი შეუწყონ გაეროს სპეციალური პროცედურების ჩართულობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში და განიხილონ საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის გახსნა. გაეროს სპეციალურ პროცედურებსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს სხვა მექანიზმებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ ინსტიტუტებს:
- თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი (WGAD) – განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან არ მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი საშუალებების ამოწურვას.
- სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის საკითხებში.
- სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისა და ხელშეწყობის საკითხებში.
- სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების საკითხებში.
- სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში.
- სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და იურისტთა დამოუკიდებლობის საკითხებში.
- სპეციალური მომხსენებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებების საკითხებში.
- სპეციალური მომხსენებელი უმცირესობათა საკითხებში.
- სპეციალური მომხსენებელი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხებში.
- დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხებში.
- სპეციალური მომხსენებელი ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებში.
- სამუშაო ჯგუფი ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის საკითხებზე.
7. აქტიურად ჩაერთონ საქართველოს ადამიანის უფლებათა საყოველთაო პერიოდული მიმოხილვის (UPR) შემდგომი მონიტორინგის პროცესში.
8. ქიმიური იარაღის შესახებ 1992 წლის კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ OPCW-ის (ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია) აღმასრულებელ საბჭოსთან შუამდგომლობა, რათა 1992 წლის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად განიმარტოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საკითხი.
9.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) სახელმწიფოთაშორისი საჩივრის წარდგენა კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად.
10.ევროპული კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა, ისევე როგორც სხვა ორგანოებმა (ვენეციის კომისია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და სამოქალაქო ორგანიზაციები), შეიძლება განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე და მომავალ სამართალწარმოებებში მესამე მხარედ ჩართვა (ინტერვენცია).
11. ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანის შემთხვევაში, კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით.
12. წამების წინააღმდეგ კონვენციის (CAT) წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტისთვის სახელმწიფოთაშორისი შეტყობინების წარდგენა.
13. წამების წინააღმდეგ კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) სარჩელის წარდგენა.
14. წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა (CAT), ისევე როგორც გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტმა (SPT), განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ საქართველოში არსებულ ვითარებას.
15. ვენეციის კომისია ჩართული უნდა იყოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემდგომ შეფასებაში.
16. რომის სტატუტის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით.
17. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა შეიძლება განიხილოს საქართველოში ვიზიტის (მისის) განხორციელება.
18. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა შეიძლება მოსთხოვოს საქართველოს განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს მისი შიდასახელმწიფოებრივი სამართალი ევროპული კონვენციის ნებისმიერი დებულების ეფექტურ იმპლემენტაციას (ევროპული კონვენციის 52-ე მუხლის შესაბამისად).
2026 წლის 29 იანვარს, ეუთოს 23-მა სახელმწიფომ საქართველოს მიმართ აამოქმედა ეუთოს ადამიანური განზომილების „მოსკოვის მექანიზმი“. მისიის მანდატი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „ფაქტების დამდგენი მისიის შექმნა საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, განსაკუთრებული აქცენტით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე“.
კერძოდ, მისიას, სხვა საკითხებთან ერთად, დაევალა: ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება; ამ მოვლენების გავლენის შეფასება, მათ შორის: ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ დეფინიციას; რეკომენდაციების შემუშავება პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ფართო მანდატმა მოითხოვა განსაკუთრებული ძალისხმევა დიდი მოცულობის მასალის გასაანალიზებლად ძალიან შეზღუდულ დროში — 14 დღეში.
ანგარიშის თანახმად, მომხსენებელმა დაუყოვნებლივ (თავისი მისიის პირველივე დღეს, 2026 წლის 11 თებერვალს) მიმართა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას საქართველოში ვიზიტის ხელშეწყობისა და პრობლემურ საკითხებზე საქართველოს პოზიციის წარმოდგენის თხოვნით.
ანგარიშის თანახმად, ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ, 2026 წლის 13 თებერვლის საპასუხო წერილში აცნობა მომხსენებელს საქართველოს მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ვიზიტს.
„მომხსენებელი საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს 2026 წლის 17 და 18 თებერვალს, თბილისში შეხვდა.
გარდა ამისა, მომხსენებელმა გამართა ონლაინ შეხვედრების სერია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მიიღო მრავალი წერილობითი დოკუმენტი და შეაგროვა საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალები, რომლებიც წინამდებარე ანგარიშში ანალიზის ობიექტს წარმოადგენდა“, – ნათქვამია ანგარიშში. ['ნეტგაზეთი"]