ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ თეირანთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, თუმცა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა კვლავ არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესს მივაღწიეთ. გვჯერა, რომ ირანელებს შეთანხმების დადება სურთ,“ - თქვა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვა დაავალა, რასაც ვაშინგტონი ასრულებს.
„ჩვენ ახლა საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ არსებობს ‘გეგმა B’-ც. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა განვაახლოთ სამხედრო კამპანია, რათა მივაღწიოთ აშშ-ის მიზნებს,“ - აღნიშნა ვენსმა.
მან ასევე განაცხადა, რომ არც პრეზიდენტს სურს და, მისი შეფასებით, არც ირანს უნდა სამხედრო ესკალაცია.
ამასთან, მისი თქმით, ვაშინგტონის ადმინისტრაციას არ სურს ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთისთვის გადაცემა და აშშ-ის ამჟამინდელი გეგმა ამას არ ითვალისწინებს.
„რაც შეეხება გამდიდრებული ურანის რუსეთისთვის გადაცემას - ეს საკითხები მოლაპარაკებებზე განიხილება. ამჟამად ჩვენი გეგმა ეს არ არის. ჩვენი გეგმა არასდროს ყოფილა ასეთი,“ თქვა მან.
ვენსის თქმით, გავრცელებული ცნობები ამ თემაზე უცნობი წყაროებიდან მოდის.
„მე ვნახე ასეთი ცნობები, მაგრამ არ ვიცი, საიდან მოდის. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააგრძელებს მოლაპარაკებებს შეთანხმების მისაღწევად,“ - აღნიშნა ვენსმა.
„ამჟამად აშშ-ის მთავრობის გეგმა ეს არ არის. ირანელებს ეს საკითხი არც კი დაუყენებიათ. ვფიქრობ, მათ ეს იდეა დიდად არ მოეწონებოდათ. და ვიცი, რომ პრეზიდენტსაც დიდად არ მოეწონებოდა. მაგრამ წინასწარ არაფრის დაპირება არ შემიძლია კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებების შესახებ,“ - დასძინა მან.