"უზრუნველვყოფთ, რომ პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკა გაყოფილი იყოს ერთმანეთისგან", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკასვილმა "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მთავრობა ქვეყნის განვითარებას საარჩევნო ციკლებს არ მიუსადაგებს. საკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბევრ გამოცდას გაუძლო, ბევრი პოლიტიკური პროცესი გაიარა და იმუნიტეტი გამოუმუშავდა.
"ჩვენ შევძლებთ, რომ მსგავსი ავანტიურა, რაც იყო 2009 წლის აპრილში ან 2007 წლის ნოემბერში, ქუჩის მიტინგები, ან უბრალოდ, დამაშინებელი რიტორიკა, არ გადაედოს ეკონომიკურ პროცესებს. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ჯერ ერთი, ხალხი უჭერს მხარს რეფორმებს, სტაბილურობას, იმ კურსს, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს და ხალხი ძალიან მომწიფდა პოლიტიკურად, ძალიან რაციონალურია და კარგად ესმის, რას ნიშნავს ეკონომიკის განვითარების აუცილებლობა", _ განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ახალი შენობა გახსნა. "ძველი შენობების ახალი სიცოცხლე", - ასე უწოდა პრეზიდენტმა საქართველოს ბანკის ახალ სათავო ოფისს, რომელიც საგზაო დეპარტამენტის ყოფილ შენობაში განთავსდა. შენობის გახსნას ეროვნული საქართველოს ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ესწრებოდნენ.