ოპოზიციური ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, საპარლამენტო კომისიამ განათლების სისტემაში არსებული ვითარება უნდა შეისწავლოს.
ლორთქიფანიძის განცხადებით, ფრაქციის სხდომაზე ის პრობლემები და დარღვევები გამოიკვეთა, რომელიც უკავშირდება სკოლების ოპტიმიზაციას, პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებს, მასწავლებელთა უკანონო შემცირებას, სახელმძღვანელოების მაღალ ფასებს,უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, პროფესიულ და უმაღლეს პროფესიულ სწავლებას და სხვა.
"შაშკინის მეორედ გამოუცხადებლობა ფრაქციის სხდომაზე ნიშნავს იმას, რომ იგი პატივს არ სცემს იმ ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია. ეს კი იმის საფუძველს იძლევა, რომ პარლამენტმა იმსჯელოს შაშკინის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
დეპუტატის განცხადებით, განათლების სისტემაში არსებულ უმწვავეს საკითხებზე დღეს ფრაქციის სხდომაზე მინისტრს ან სამინისტროს წარმომადგენელს პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ შაშკინი არც ამჯერად აღმოჩნდა მზად, პირისპირ დამდგარიყო ფრაქციის სხდომაზე მოწვეული პედაგოგებისა და დარგის სპეციალისტების წინაშე.