სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მიმდინარე წლის განმავლობაში სამინისტროს მუშაობის ყველაზე დიდ მიღწევად სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ასახელებს.
"სოფლის მეორნეიბის სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა მოხდა. ქართულ ბაზარზე შემოვიდა კომპანია "ჰიპი" და სხვა კომპანიები, რომლებიც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის კარგ წინაპირობას ქმნის", - განაცხადა კვეზერელმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, კვეზერელის განმარტებით 2010 წელს მთავარი პრიორიტეტი კვლავ გლეხების დახმარება იქნება.
"მთელი ყურადღება იქნება ფოკუსირებული გლეხებსა და ფერმერებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ", - განმარტა კვეზერელმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კანცელარიაში რამდენიმე წუთია მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტს 59 საკითხი აქვს განსახილველი. მათ შორის მთავრობის წევრები ჯანდაცვისა და კულტურის სამინისტროების 2009 წლის მუშაობის შედეგებსა და მომავალი წლის გეგმების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებიდან მოისმენენ.