ქუთაისში აფეთქებული "დიდების მემორიალის" მოსკოვში აღდგენა საქართველოსათვის "ცხვირში კიდევ ერთი გარტყმა იქნება", რომელმაც ისტორიული ხსოვნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
"აფეთქებული "დიდების მემორიალის" მოსკოვში აღდგენა საქართველოსათვის ცხვირში კიდევ ერთი დარტყმა იქნება, ეს ყველას კარგად ესმის და რა თქმა უნდა იქნება ზეწოლა მემორიალის ავტორზე, რომ მან მოსკოვში დიდების მემორიალის აღდგენაში მონაწილეობა არ მიიღოს", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალიტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, პროექტის ავტორმა ეს იდეა დადებითად შეაფასა. "რა თქმა უნდა პოლიტიკური მოსაზრებებით საქართველოს ხელისუფლება მასზე ზეწოლას მოახდენს. ის რაც მათ გააკეთეს _ დანაშაულია", _ აცხადებს პუტინი.
რუსეთი პრემიერი ასევე ხაზგამით აღნიშნავს, რომ თუკი მემორიალის ავტორი ძეგლის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს რუსეთი მადლობელი იქნება მისი ნებისმიერი რჩევის მიცემისათვის.
"თვითონ თუ ვერ შეძლებს მონაწილეობას, ჩვენთვის საკმარისი იქნება მის მიერ მოცემული ნებისმიერი რჩევა. ქართული სამხატვრო სკოლის დონე ძალიან მაღალია და რუსეთში ქართულ დიასპორას შორის ძალიან ბევრია ნიჭიერი ხალხი",_ განაცხადა პუტინმა და რუსული მედიის ინფორმაციით რუსეთის პრემიერმა თავი არიდა პირდაპირ პასუხის გაცემას, გახდება თუ არა ახალი პროექტის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი.
"რაც შეეხება წერეთელს, ის როგორც აკადემიის პრეზიდენტი დაამყარებს კონტაქტებს თავის კოლეგებთან მათ შორის საქართველოშიც",_ აცხადებს პუტინი და დასძენს.
ამასთან ერთად, მემორიალის ავტორმა მერაბ ბერძენიშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრე ავდეევს შეთავაზებაზე აღადგინოს მემორიალი მოსკოვში, მაგრამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
მერაბ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მემორიალის აღდგენა შეუძლებელია. მისი თქმით, უკვე გარდაცვლილია ძეგლის არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი. არ დარჩა არც პროექტი, არც მაკეტი და არც ესკიზები. ასევე აღარ არსებობს დაწესებულება სადაც მემორიალი დამზადდა.
ბერძენიშვილი ასევე აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო უთხრა უარი რუსეთს ძეგლი აღდგენაზე. ამასთან ერთად იგი კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ მემორიალი სხვა ავტორმა აღადგინოს. მისი თქმით, მათ პირადად უკვე ძალა აღარ აქვს და აღდგენის შემთხვევაში ეს უკვე მემორიალის პაროდია იქნება და სხვა არაფერი.