რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩარტერული რეისების საშობაოდ გადადებას ქართულ მხარეს აბრალებს.
როგორც ლავროვის უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისი-მოსკოვისა და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების საახალწლოდ განხორციელების საშობაოდ გადადება ქართული მხარის მიერ ტექნიკური საკითხების გაჭიანურებამ გამოიწვია.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა საქართველოს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ფრენისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის დაზუსტებას სთხოვდა. ქართულმა მხარემ კი აღნიშნულ წერილზე პასუხი დაგვიანებით გასცა და მისი გაგზავნა ხელმეორედ შვეიცარიის შუამდგომლობით მოითხოვა.
"რეისების აღდგენას ჰუმანიტარული ხასიათი აქვს და თუ ის ვერ განხორციელდება, პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს უნდა დაეკისროს. რეისების აღდგენის გადაწყვეტილება იმის გამო მივიღეთ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები გაღრმავდეს და ხალხმა კონტაქტი შესძლოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ჩარტერული რეისები 6-დან 25 იანვრამდე განხორციელდება.