ოფიციალური თბილისი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ სოფელ პერევში გაერო-ს სასურსათო პროგრამის (WFP) სატვირთო მანქანის არშეშვებას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევად აფასებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმიანობა შეუზღუდავად უნდა ხორციელდებოდეს.
"რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არ შეუშვეს გაერო-ს სასურსათო პროგრამის (WFP) სატვირთო მანქანა, რომელსაც ათასამდე ადგილბრივი მოსახლისათვის საახალწლოდ გადაჰქონდა სასიცოცოხლო მნიშვნელობის პირველადი მოხმარების სურსათი: ზეთი, ფქვილი, კარაქი და ა.შ. მიუხედავად გაერო-ს წარმომადგენელთა არა ერთი მცდელობისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც აღნიშნული სასურსათო დახმარების დარიგება მოხდა მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ მოსკოვი განაგრძობს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირების ტენდენციას და ამ მიზნით, კერძოდ, მოითხოვს საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაღწევად მიმართონ კრემლის მიერ კონტროლირებად ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
ქართული მხარე მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს და უხეშად არღვევს მათ ფუძემდებლურ ადამიანის უფლებებს.
"ამ და სხვა ანალოგიური ფაქტების ფონზე, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობაც კვლავ და კვლავ რწმუნდებიან იმაში, რომ რუსეთისათვის შეუძლებელია სამართლებრივ სივრცეში არსებობა და საერთაშორისო ასპარეზზე იგი აბსოლიტურად არასაიმედო პარტნიორად გვევლინება", - აღნიშნულია განცხადებაში.