სოხუმის დასემის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია განცხადებას ავრცელებს.
27 სექტემბერს სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავზე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია კიდევ ერთხელ მიაპყრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას.
კომისია აცხადებს, რომ განვლილი წლების მანძილზე, განსაკუთრებით კი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მხარდაჭერილი არაერთი ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოზიციის გამო.
კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტები კრემლის მიერ იყო პროვოცირებული და, შესაბამისად, მათი მოგვარება იმპერიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შესუსტდებოდა კრემლის გავლენა კონფლიქტში ჩართულ მხარეებსა და სახელმწიფოებზე. კომისიის აზრით, სწორედ ამიტომ, 2008 წლამდე, რუსეთის ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა სტატუს-კვოს შენარჩუნებას და პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების "გაყინულ მდგომარეობაში" დატოვებას.
კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და მისი ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია, ქართული მოსახლეობის განმეორებითი ეთნიკური წმენდა და ათეულათასობით ახალი დევნილის წარმოშობა, აგრეთვე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების უხეში დარღვევა და აფხაზეთისა და ე. წ. «სამხრეთი ოსეთის" «დამოუკიდებლობის" ცალმხრივი ცნობა, ძირითადად, განპირობებული იყო საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისი თანამეგობრობის მზარდი პოზიტიური აქტიურობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების, უპირველესად კი, აფხაზეთის რეგიონში დევნილთა დაბრუნების მიმართულებით.
კომისიის აზრით, სწორედ ამიტომ გადადგა კრემლმა უპრეცედენტო და, სამომავლოდ, თვით რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის სახიფათო ნაბიჯი და მის მიერ ოკუპირებული რეგიონები «დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით კრემლის დღევანდელი ბინადრები თავიანთ მენტალურ წინაპრებზე უფრო «შორს წავიდნენ", რადგან არც ნაცისტურ და არც საბჭოურ-კომუნისტურ რეჟიმებს «დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" არ გამოუცხადებიათ ტერიტორია, სადაც მანამდე ეთნიკური წმენდა მოაწყვეს.
კომისია სრულად იზიარებს ყველა იმ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროკავშირის, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას, რომელთა მიერ რუსეთის აღნიშნული ქმედებები შეფასდა როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობა.
კომისია მიესალმება აშშ-ის სენატის, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მიერ რუსეთის ქმედებების «უკანონო ოკუპაციად" შეფასებას.
რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მრავალმხრივი პროვოკაციისა და შანტაჟის, მათ შორის, ტერორისტული აქტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ერთგულია დეოკუპაციის სამშვიდობო კურსის, რასაც ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასული წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტისა და ამა წლის 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეისთვის მიცემული მტკიცე პირობა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად საქართველო არასდროს არ გამოიყენებს ძალას. საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიან პოზიციას ადასტურებს აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჩართულობის სამოქმედო გეგმა (2010).
კომისიას მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის შემგუებლური დამოკიდებულება საქართველოს წინააღმდეგ კრემლის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებებისადმი, ანუ, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის ძველი გავლენის აღდგენის მცდელობისადმი, ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის რუსეთში ნეოკომუნისტურ-ფაშისტური რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესს, ეს კი მზარდ საფრთხეს წარმოშობს არა მარტო საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, რეგიონული და მთლიანად ევროპიული უსაფრთხოების სისტემისთვის. აღნიშნულის კიდევ ერთი დასტურია, ა/წ 22 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ...... მიღებული კანონი "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმების რატიფიციკაციის თაობაზე" (ეს არალეგიტიმური შეთანხმება გაფორმდა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის).
კომისია სრულად იზიარებს "ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების საერთაშორისო დაგმობის აუცილებლობის შესახებ" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2006 წლის 25 იანვრისა და "ევროპული ცნობიერებისა და ტოტალიტარიზმის შესახებ" ევროპარლამენტის 2009 წლის 2 აპრილის რეზოლუციების ფუნდამენტურ დებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის ოფიციალურად დაგმობას.
კომისიას მიაჩნია, რომ კომუნისტური სისტემის საყოველთაო დაგმობა და, ნაციონალ-სოციალიზმის მსგავსად, მისი საერთაშორისო გასამართლება, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობდა კრემლის პოლიტიკური მენტალიტეტის შეცვლას და ნეოიმპერიალისტურ- მილიტარისტული კურსის ნაცვლად ადამიანის უფლებათა დაცვასა და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას.
კომისია იმედოვნებს, რომ დასავლური დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური რეფორმების და დეოკუპაციის სამშვიდობო პროცესისადმი საქართველოს ხელისუფლების ერთგულების საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო გააფართოვებს და გააღრმავებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, რასაც აუცილებლად მოჰყვება დეოკუპაციის საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულება, საოკუპაციო ჯარების გაყვანა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შეუქცევადი პროცესის დაიწყება.
აღნიშნულ იმედს, ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, განამტკიცებს 2008 წლის შემდგომ პერიოდში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების დინამიკაც. ამ რეზოლუციებში მკაფიოდ არის დაფიქსირებული ძალის გამოყენებით დემოგრაფიულ ცვლილებათა მიუღებლობა, აღიარებელია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და მისი შთამომავლის უფლება (განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა) დაბრუნდეს თავის სახლში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის ჩათვლით. გაეროს გენერალური ასამბლეის აღნიშნულ რეზოლუციებში ხაზგასმულია ასევე სპეციალური გრაფიკის შემუშავების აუცილებლობა საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნებისთვის.
კომისია გამოხატავს ღრმა რწმენას, რომ XXI საუკუნეში საერთაშორისო თანამეგობრობა შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დატოვებს კონფლიქტებისა და სამხედრო აგრესიის დროს ჩადენილ დანაშაულებს (უპირველესად კი, ეთნოწმენდის ფაქტებს), რომ აუცილებლად მოხდება მათი გამოძიება და დამნაშავეთა გასამართლება, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.