შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, რომელიც დღეს ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით უნდა დაკითხულიყო, სასამართლოში არ მივიდა.
"ბატონი უტიაშვილი დაკითხვაზე არ მობრძანდა, რის გამოც ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენეთ სასამართლოსთან შუამდგომლობა, დაეკმაყოფილებინა უტიაშვილის დაკითხვის საკითხი, თუმცა მოსამართლემ ამ ეტაპზე მისი დაკმაყოფილებისგან თავი შეიკავა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
ამასთან, ადვოკატი თავად უტიაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც შსს-ის მაღალჩინოსანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლო უწყება არ მისვლია. სამუშიას მტკიცებით, უტიაშვილს უწყება "ნამდვილად გაეგზავნა და ის რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიას ჩაბარდა".
შეგახსენებთ, რომ ბიწაძის საქმეზე უტიაშვილი დღეს უნდა დაკითხულიყო. სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის გამო დღევანდელ პროცესზე მხოლოდ "სახალხო კრების" წარმომადგენლები: გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე და კიდევ რამდენიმე პირი დაიკითხა. ხვალ, სასამართლომ შესაძლოა ნინო ბურჯანაძეს მოუსმინოს.