ხვალ, 7 აგვისტოს, 18 საათზე ევროპის სახლში (თავისუფლების მოედანი #1) გაიხსნება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტების, ალექსანდრე კლიმჩუკისადა გიგა ჩიხლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ჟურნალისტების ფოტოსურათები რომლებიც ალექსანდრე კლიმჩუკის დედამ, ქალბატონმა იულიამ და გიგა ჩიხლაძის მეუღლემ, ნატა მუმლაძემ გადმოგვცეს. გამოფენა მიმდინარე წლის 9 აგვისტომდე გაგრძელდება.
ფოტოგამოფენას ტელეკომპანია პიკი "ომის კვირეულის"ფარგლებში წარმოგიდგენთ. ასევე ტელე-ეთერით იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ შემდეგი ფილმების ჩვენება: ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმი "ცოტა რამ საქართველოს შესახებ", რუსი რეჟისორის ანდრეი ნეკრასოვის ფილმი "რუსულის გაკვეთილები", ბელორუსი დოკუმენტალისტის იური ხაშევაცკოვის ნამუშევარი "ლობოტომია", ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ლიზი ვაჩნაძისა და ალექსანდრე გაბუნიას ფილმები: "ოკუპაცია" და "სიცოცხლის წყარო". აგრეთვე, ტელეკომპანია „ალანიას" ფილმი „ქართული აგვისტოს ქრონიკები".
ალექსანდრე კლიმჩუკი და გიგა ჩიხლაძე ქართველ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების გასაშუქებლად ჩავიდნენ ცხინვალში. ისინი ჩაცხრილულნი იყვნენ მოკლულნი იყვნენ ოსური ბანდფორმირების მიერ . 30 წლის გიგა ჩიხლაძე და 27 წლის ალექსანდრე კლიმჩუკი ადგილზე გარდაიცვალნენ.
გიგა ჩიხლაძე კონფლიქტის ზონაში ჟურნალ "NEWSWEEK"-ის რუსულ გამოცემაში მუშაობდა. ის აგრეთვე იყო ფრანგული რადიო RFI-ის მუდმივი კორესპონდენტი და ტელეკომპანია „ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი. ბოლო წლებში გიგა მუშაობდა დამოუკიდებელ ჟურნალისტად სხვადასხვა ქართულ და უცხოურ გამოცემებში.
ალექსანდრე კლიმჩუკი ფოტოსააგენტო „CAUCASUS PRESS IMAGES"-ს ხელმძღვანელობდა, ის ასევე მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად "ИТАР-ТАСС"-ში. სხვადასხვბა დროს კი გაზეთებში: "Комсомольская правда" და "Московский комсомолец", ასევე სააგენტოებში "HOTOECHOPESS"და "EPA". მისი ფოტოსურათები ჟურნალ "NEWSWEEK "-ში და გაზეთებში "NEW YORK TIMES" და "LE MONDE" იბეჭდებოდა.