ყოფილი "საქტელერადიო ცენტრის" მართვის უფლების გასხვისების საკითხზე, დღეს, ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" სხდომაზე მსჯელობდნენ, რომელზეც დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ჰყავდათ მოწვეული. თუმცა მინისტრი მივლინებაში ყოფნის გამო სხდომაზე ვერ გამოცხადდა.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, მისი აზრით, "საქტელერადიო ცენტრის" მართვის უფლების გასხვისება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული და ამ საკითხთან დაკავშირებული გარემოებები განმარტებებს საჭიროებს.
განსახილველი საკითხის სამართლებრივ მხარეზე განმარტებები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლმა გააკეთა. ფრაქციის სხდომას ასევე მედიაკოალიციის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც აუქციონის შეჩერება და საჯარო დისკუსიის გამართვა მოითხოვეს.
ფრაქციის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ყოფილი "საქტელერადიო ცენტრის" გასხვისება თავისუფალი მედიასაშუალებების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევას ისახავს მიზნად და ამის წინააღმდეგ მთელი მედია უნდა გაერთიანდეს. მანვე მოითხოვა, მკაცრი შეფასება მიეცეს იმ ფაქტს, რომ ფრაქციის სხდომაზე არ გამოცხადდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისაგან რეაგირება მოითხოვა. მისივე აზრით, აუცილებელია პარლამენტმა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზეც დაიწყოს ფიქრი, რომლებიც პარლამენტის წინაშე მთავრობის არა მხოლოდ ვალდებულებას განსაზღვრას, არამედ პასუხისმგებლობასაც.
სტრატეგიული ობიექტის წარმოდგენილი ფორმით გასხვისებას ეწინააღმდეგება "ქართული დასიც", რომლის წარმომადგენელმაც ფრაქციის სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტელეანძის გასხვისება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.
ფრაქციის სხდომაზე მოწვეულმა ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა იმ სავარაუდო პრობლემებზე ისაუბრა, რაც შეიძლება "საქტელერადიო ცენტრის" მართვის უფლების გასხვისებას მოჰყვეს. როგორც მან განაცხადა, მისი, როგორც აუქციონში მონაწილეობის მსურველის უფლებები საჭირო ინფორმაციის მიუღებლობით დაირღვა, რის გამოც აპირებს, სასამართლოს სარჩელით მიმართოს. სხდომაზე გამომსვლელთა საერთო აზრით, იმ შემთხვევაში, თუ "საქტელერადიო ცენტრის" მმართველობა კერძო პირის ხელში გადავა, ეს არა მხოლოდ მედიის დამოუკიდებლობისათვის იქნება ზიანის მომტანი, არამედ ქვეყნის უშიშროებისათვისაც საფრთხის შემცველი იქნება.