შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს აქციაზე კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად 15 წუთიანი დრო მიეცემათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, "იმ შემთხვევაში, თუ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს თან აქვთ კანონით აკრძალული ნივთები, ასევე ხდება ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება ან საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვა, უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში, ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს აქციის მონაწილეებს და მიმართოს გონივრულ ქმედებას".
იმ შემთხვევაში, თუ აქციის ორგანიზატორი აღნიშნულ მოწოდებას არ დაემორჩილება, მას საქართველოს კანონმდებლობით, პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივაში ნათქვამია, რომ "იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორმა დადგენილი ვალდებულება არ განახორციელა ან განახორციელა, მაგრამ დარღვევა არ აღმოიფხვრა, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს".
შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, აკაკი მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და კახაბერ ანჯაფარიძე არიან.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით პარლამენტი კენჭს 21 ივნისს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრის.