"ოპოზიციური რვიანი" რუსთაველის გამზირზე "სახალხო კრების" აქციის დაშლას საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატის "სამაგალითოდ დასჯად" აფასებს.
"აღნიშნული ოპერაცია ჩატარდა ისეთი ფორმით და მეთოდებით, რომელიც მომიტინგეებს არ უტოვებდა ტერიტორიის დატოვების საშუალებას და მიზნად ისახავდა არა დემონსტრაციის კანონიერად დაშლას, არამედ აქციის რაც შეიძლება მეტი მონაწილის დაკავებას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და სამაგალითოდ დასჯას", - ნათქვამია "რვიანის" ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, მაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა პირმა და ამ გადაწყვეტილების შემსრულებლებმა გადააჭარბეს საკუთარ უფლებამოსილებას და კიდევ ერთხელ იძალადეს მოქალაქეებზე, რის გამოც ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებული პასუხიმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე.
"ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რევოლუციური გზის უპერსპექტივობა და ის გაუმართლებელი რისკები, რაც ამ შემთხვევაში თანამოქალაქეებს და ქვეყანას ემუქრება. საჭიროა სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების მეტი კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერით, სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლის გზით, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი როგორც დღევანდელი ხელისუფლებისგან, ისე რევოლუციური რყევებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
"რვიანი" აქციის დარბევის შედეგად ორი მოქალაქის დაღუპვის გამო სამძიმარსაც გამოთქვამს.