"ქართული პარტია" გუშინდელი მიტინგის დარბევას "პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებულ სპეცოპერაციად" აფასებს.
როგორც "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმდებებს".
"ეს იყო არა უბრალოდ ძალის გადამეტება, არამედ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომლის მიზანს არა რუსთაველის პროსპექტის გაწმენდა, არამედ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება წარმოადგენდა. დანაშაულებრივი ქმედება იყო ბიძინა გეგიძესთან დაკავშირებული ფაქტიც, რომელიც ცემეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და სასაფლაოზე დატოვეს. გეგიძე სრულიად შემთხვევით გადარჩა", - განაცხადა სუბარმა.
ამასთან, მან აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიმართ უკმაყოფილება დააფიქსირა და განაცხადა, რომ "მისი გუშინდელი განცხადება ხელისუფლებისთვის აქციის დარბევის კუთხით "მწვანე შუქის ანთება" იყო".
"დემოკრატიას თავისი კანონები აქვს და გარკვეული ზომების გატარებასაც გულისხმობს, მაგრამ ის, რაც წუხელ მოხდა, სრულიად არაადეკვატური იყო. რაც შეეხება მერიის გაფრთხილებას, მინდა, განვაცხადო, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისულება კანონით არის რეგლამენტირებული, მაგრამ თუ მანიფესტაცია უკანონო ხასიათს შეიძენს, მისი დაშლა ადეკვატური ზომებით შეიძლება და არა ისე, როგორც ეს გუშინ განხორციელდა. ხელისუფლების ქმედებაც ასევე კანონგარეშე იყო", - განაცხადა სუბარმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ "თავად აქციის ორგანიზატორებიც უფრო მეტად პასუხისმგებლიანები უნდა ყოფილიყვნენ".
შეგახსენებთ, რომ წუხელ, დაახლოებით 00:25 სთ-ზე სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი დაღუპულია, კიდევ 37 მოქალაქე - დაშავებული, მათ შორის - 8 პოლიციელი, ერთი ქალბატონი და ერთი ჟურნალისტი.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება დარბევის შედეგად დაშავებული 50-მდე ადამიანი, მათ შორის - გიორგი გაჩეჩილაძე ("უცნობი") და ბიძინა გეგიძე.
მასალის გამოყენების პირობები