პარტია "თავისუფალი საქართველო" მომიტინგეთა აქციის წუხანდელ დარბევას გმობს და მას "საქართველოს კრიმინალური და ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური ხასიათის კიდევ ერთ გამოხატულებად" აფასებს.
"ჩვენ პრინციპულად ვემიჯნებით ყველა იმ ფსევდო იურისტების თუ უფლებადამცველების განცხადებებს, რომლებიც აფასებენ ზემოაღნიშნულ ფაქტს, როგორც ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. იმ ადამიანებმა, ვინც საკუთარი თვალით ვიხილეთ, თუ რა ხდებოდა არა მარტო რუსთაველის გამზირზე, არამედ კინოთეატრ „რუსთაველში" და თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ ეს იყო ზუსტად ის მეთოდები, რასაც ფაშისტური უწყებები ახორციელებდნენ ჰიტლერული რეჟიმის მსხვერპლთა წინააღმდეგ", - აცხადებს კახა კუკავა, რომელიც აქციის დარბევისას სასტიკად სცემეს.
ამასთან, „თავისუფალი საქართველო" ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის მიერ გაკეთებული განცხადების გამო იმედგაცრუებას გამოთქვამს და მას "არამეგობრულს" უწოდებს.
"ამავდროულად, ჩვენ დაველოდებით ევროპული ქვეყნების მთავრობებისა და დიპლომატების განცხადებებს. ეს განცხადებები იქნება ტესტი იმისა, თუ ვინ არის სააკაშვილის მეგობარი და ვინ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი. პარტია „თავისუფალი საქართველო" ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას იმისათვის, რომ უახლოეს დღეებში მივმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა საქართველოს ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას იმ სანქციების ანალოგი, რომელიც გამოყენებულია ლიბიის მმართველის, კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ", - განმარტავს კუკავა.