26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც აკისრებს.
ორგანიცაზია მიიჩნევს, რომ აქციის დაშლისას გამოყენებულ იქნა გადამეტებული ძალა, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა ცემასა და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის სათანადოდ განხორციელების ხელისშეშლაში.
ორგანიზაციის აზრით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე აქციის ორგანიზატორებს. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ სრულად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და აქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. ყველა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
"მიგვაჩნია, რომ დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოვლენების შემდგომი მშვიდობიანი განვითარება. სწორედ ამიტომ, „სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს:
ხელისუფლებას - დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიოს სამართალდარღვევის ფაქტები. სამართალდამრღვევთა მიმართ გამოყენებული ზომები იყოს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ადეკვატური. არ განხორციელდეს აქციის მონაწილეთა შემდგომი უსაფუძვლო დევნა და დაშინება;
მას მედიას - ზუსტად, ობიექტურად და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვით გააშუქოს აქციის, მისი დაშლისა და შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები, ვინაიდან აქციის მსვლელობისას დაფიქსირდა რიგი მედია საშუალებების მიერ ფაქტის არაზუსტი და არასრული გაშუქება;
მოქალაქეებს - მათი შემდგომი ქმედებები იყოს მშვიდობიანი კანონის ნორმების სრული დაცვით;
აქციის ორგანიზატორებს - მათი შემდგომი მოწოდებები და ქმედებები არ ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა ნორმატიულო აქტების მოთხოვნებს"- ნათქვამია განცხადებაში.
„სამართლიანი არჩევნები" უსამძიმრებს აქციის დაშლისას დაღუპულ მოქალაქეთა ოჯახებს.