საქართველოს მიზანი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების უმოკლეს ვადებში დაწყებაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისა და ევროპარლამენტის წევრის არნო დანჟანის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოღვაწეობასა და მისი გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
"ასევე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების უმოკლეს ვადებში დაწყებასა და ვიზადიალოგის დაწყება, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე უნდა მიგვიყვანოს", - აღნიშნა კანდელაკმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტართან შეხვედრის ფარგლებში ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების, ოკუპაციისა და შიდა პოლიტიკური საკითხების განხილვა მოხდა.