უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ კვირაცხოვლობა დღესასწაულის მნიშვნელობა განმარტა.
როგორც პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების საკათედროს ტაძარში კვირაცხოვლობის დღესასწაულის საზეიმო წირვის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა, კვირაცხოვლობა ნიშნავს გაცოცხლებას, განახლებას.
"ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის განიცდის ამ განახლებას. ეს, რომ არ იყოს ადამიანს გაუჭირდებოდა ძალიან მიწიერი ცხოვრება. უფალი ამით უადვილებს ადამიანს, რომ ეს ცხოვრება განვლოს და გახდეს სასუფევლის მკვიდრი", - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულისა თითქმის თანასწორია.
"ჩვენ ვმადლობთ უფალს რადგანაც ამ დღესაც, ამჟამად, ამ წუთას უფალი ჩვენთან არის და თაყვანს ვცემთ მას. საჭიროა მხოლოდ განახლებისთვის ჭეშმარიტი რწმენა, მართლმადიდებლური სიყვარული და სასოება", - ბრძანა ქადაგებისას ილია მეორემ.
დღესვე პატრიარქმა ოთხი ქართული გვარიც დალოცა.