სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები წარედგინა.
რეკომენდაციები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული საქართველოს მოქალაქეების ბავშვის მოქალაქეობის საკითხი, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი და სხვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, კომისიის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები.
შეხვედრა პროექტის, სახელწოდებით „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" ანხორციელებს.
რეკონებდაციები მოქალაქეობის არმქონეობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 25 თებერვალს შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის ანალიზი გააკეთა და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა, რომლის მიზანია კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორება.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრა მოქალაქეობის არმქონეობის სტატუსის თავიდან არიდების თემას ეხებოდა, რომელიც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
„ჩვენი მიზანია არ იყვნენ სახელმწიფოში უსტატუსო ადამიანები, რადგან ეს როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის ბევრ პრობლემას წარმოშობს. ვფიქრობთ, რომ ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, ამ პრობლემებს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მოვაგვარებთ",- განაცხადა მიგრაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ.
„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის" ხემძღვანელის ნატო გაგნიძის განცხადებით, შემუშავებული რეკომენდაციები კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც გააადვილებს მოქალაქეობის დადგენის პროცედურებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოქალაქეობრიობის საკითხებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, დოკუმენტირებულები ჯერ კიდევ არ არიან.
„გარდა ამისა, იგეგმება საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული ბავშვების მოქალაქეობის საკითხის მოწესრიგებაც. ასევე ახალი საკითხია სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების მოქალაქეობის პრობლემის გადაწყვეტა, რადგან მთელი რიგი ქვეყნები არ აღიარებენ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვებისათვის მოქალაქეობის მინიჭების თემას. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც სახელმწიფოს მიმართავენ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად. მათ ისე უნდა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რომ არ დარჩნენ მოქალაქეობის არმქონე პირებად. დღეს მოქმედი კანონით, ადამიანმა, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს მოქალაქეობის მისაღებად, ჯერ უარი უნდა თქვას პირვანდელ მოქალაქეობაზე. იმ შემთხვევაში თუ სახლმწიფო უარყოფითად გადაწყვეტს მოქალაქრობის მიღების საკითხს, იმას ნიშნავს, რომ განმცხადებელი რჩება მოქალაქეობის არმქონე პირად,"-განაცხადა გაგნიძემ.