ხვალ ვნების კვირის დიდი ხუთშაბათია. ეს დღე ქრისტიანულმა ეკლესიამ ქრისტეს უკანასკნელი სერობის (ვახშმობის) აღსანიშნავად დააწესა, რომელიც მაცხოვარმა 12 მოციქულს გაუმართა.
ამ დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურება სრულდება. ამასთან, დიდი ხუთშაბათი წმინდა ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეა, რადგან ამ დღეს იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე პირველად აზიარა თავისი მოწაფეები.
სახარების მიხედვით, დიდ ხუთშაბათს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები საკუთარ სისხლსა და ხორცს აზიარა და ამით ევქარისტიის, ზიარების საიდუმლო დააწესა. ამასთან, მაცხოვარმა მიანიშნა, რომ ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა. მოციქულები გაოგნებულნი ეკითხებოდნენ, ვინ იქნებოდა გამცემი. უფლისადმი ერთგულებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ სწამდათ, რომ უფალმა მათი გულისნადები მათზე უკეთ იცოდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ კი წარბი არ შეიხარა და კადნიერად იკითხა, ვინ არისო გამცემი. რაკი ფარულმა მხილებამ არ გაჭრა, მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას. ასეთი მოქმედებით უფალმა აჩვენა, რომ ცოდვილის გადარჩენას ადამიანები ბოლომდე უნდა ეცადონ.
"მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: ერთი თქვენგანი გამცემსო. ყველა შეძრწუნდა და იკითხა: „ნუთუ მე ვარო". „სწორედ შენ", _ უთხრა ქრისტემ იუდას და ჩასჩურჩულა: „რომელ გეგულვების საქმედ, ჰყავ ადრე". ბოროტი იუდა ადგა, მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი", შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული".
შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი აჩვენა.
იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების ალაგმვა.
ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე აზიარებს ხოლმე.
ამავე დღეს სრულდება ფეხთბანის რიტუალი.
კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს.
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.
ამასთან, ქრისტიანები ცდილობენ, ყოველ დიდ ხუთშაბათს წმინდა ზიარებას მიეახლონ.
დიდ ხუშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ თავისი მოწაფეების ფეხთბანას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსემანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას.