საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნატო-ს დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება". ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მას მხარს უჭერენ ევროპისა და აშშ-ის ცნობილი აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციები.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, საქართველოს საბუნებიმეტყველო აკადემიის პრეზიდენტმა, პაატა კერვალიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენტან" საუბარში განაცხადა, ღონისძიების ორგანიზებაში დდი წვლილი შეიტანეს უცხოელმა მეცნიერებმა.
"ნატო-ში შესაბამის განყოფილებას ხელმძღვანელობს უნგრელი გაბორ იკლოდი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალინსში ჰყავს დიდი მეგობარი, პროფესორი ერნანდო კარვალიო როდრიგესი, რომელიც პორტუგალიის მთავრობის ხელმძღვანელი იყო. სწორედ იგი მოელაპარაკა იკლოდს და მისგან თანხმობა მიიღო. ასეც მოვიქეცით და ჩვენი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია, რომ დიდი მხარდაჭერა გაგვიწია ნატო-ს გენერალური მდივნის მრჩევლმა, ქალბატონმა დენის ბერტენმა", - განუცხადა კერვალიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება, რადგან აქ არის შესაბამისი ბაზა ასეთი ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც ფიქრობენ, რომ ტექნიკური ინტელიგენცია ანუ საქმიანი ინტელიგენცია წამყვანი ძალაა საქართველოსთვის.
"კარგად უნდა ვიცოდეთ, ნატო რა არის. ნატო არ არის "თოფიანი კაცი". ეს არის დასავლური ღირებულებების გამტარებელი სისტემა. რატომღაც ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო საბჭოა. სინამდვილეში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს ორი დიდი მიმართულება: სამხედრო საკითხები და ინოვაციური განვითარება. სწორედ ინოვაციური განვითარების აღმძრავი, ერთგვარი მოტორი საქართველოში უნდა იყოს ტექნიკური უნივერსიტეტი", - განცხადა კერვალიშვილმა.
კერვალიშვილის განცხადებით, ამ ტიპის კონფერენციების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ეს არის საშუალება - დავანახოთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მთელ მსოფლიოს, რა დონის, რა ინტელექტუალური პოტენციის მქონე ქვეყანა ვართ.
როგორც კერვალიშვილმა აღნიშნა, ამ სახის კონფერენციები ნატო-ს საქმიანობას არასოდეს მოიცავს. ამგვარ ღონისძიებებზე საუბარი ეხება იმას, თუ რა როლს ასრულებს ცოდნა, ინფორმაციის გაცვლა, სინერგია ინოვაციურ, მდგრად განვითარებაში.
"საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევა შვედეთის აკადემიის წარმომადგენელი. მოგეხსენებათ, შვედეთის აკადემია არის იგივე ნობელის კომიტეტი. აქ იქნება ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. იქნებიან სხვა უმნიშვნელოვანესი სტუმრები. ისინი თავად ნახავენ და დარწმუნდებიან, როგორი სინერგიაა, როგორ მუშაობენ აქ კონკრეტულ საკითხებზე. ესაა მოფიქრებული და ჩამოყალიბებული საკითხები, ის დარგები, რომლებიც ინფორმაციის სინერგიას მოიცავს. ნებისმიერი ინოვაცია, რაც მდგრად განვითარებას უკავშირდება, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა კერვალიშვილმა და დასძინა, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ გამოცემებში დაიბეჭდება.
"ჩვენგან მომხსენებლები იქნებიან ძალიან ცოტა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოხსენებით წარდგება ბატონი ოთარ ზუმბურიძე, რამდენიმე კაცი იქნება გორის უნივერსიტეტიდან, ბათუმიდან. ძირითადად კი, სიტყვით გამოვლენ სტუ-ისა და თსუ-ის წარმომადგენლები", - განაცხადა პაატა კერვალიშვილმა.
კერვალიშვილის განცხადებით, კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოდიან მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები.
"კონფერენციაზე ჩემი თანათავმჯდომარე იქნება ინდიანაპოლის უნივერსიტეტის პრორექტორი, ჰარვარდის წამყვანი პროფესორი, სუზანა მიხაილიდისი. იგი წარმოშობით ბერძენია, ბათუმშია დაბადებული და საქართველო ძალიან უყვარს; თბილისს ეწვევა ევროპის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთის მეცნიერთა გაერთიანების თავმჯდომარე; გარდა ამისა, ჩამოდის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, ლიუბლიანის უნივერსიტეტის რექტორი. იგი ადრე ევროკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და ვადა რომ გაუვიდა, რექტორად აირჩიეს. უამრავი საპატიო სტუმარი ეყოლება ტექნიკურ უნივერიტეტს, თუმცა ბევრი ვერ ჩამოდის", - განაცხადა კერვალიშვილმა.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ყველა ძირითად მეთოდსა და მიმართულებას, კერძოდ: მეცნიერება ინფორმაციის შესახებ და ჰუმანიტარული დისციპლინები; ინფორმაციული საზოგადოება და ინოვაციები და სხვა.
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა შედგება ოთხდღიანი მოწვეული და ზეპირი მოხსენებებისგან, რომელიც ეძღვნება ყველა მთავარ დარგს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდგარადი და უსაფრთხო განვითარებისთვის; ასევე დისკუსიებს მრგვალ მაგიდასთან. კონფერენციის ბოლოს ნავარაუდევია შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წმინდა ანდრიას უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვა კულტურულსა და საგანმამათლებლო ცენტრებში.
კონფერენციის ოფიციალური ენაა ინგლისური. კონფერენცია - "ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება" - 24 აპრილს დასრულდება.