პარლამენტი დღეს ~საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ~ 2006 წლის 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების გაუქმებას უყრის კენჭს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განმარტა, "საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ" 2006 წლის 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების გაუქმების საფუძველი, 2008 წელს განვითარებული მოვლენები და რუსეთის მხრიდან გახორციელებული სამხედრო აგრესიაა.
"შეთანხმების საფუძველზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო სივრცის გამოყენებით, სომხეთში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ტექნიკურ-მატერიალური და პერსონალით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ კი, ქართულმა მხარემ ამ ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნა კალანდაძემ.
საგარეო მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დოკუმენტს ხუთწლიანი ვადა ნოემბერში ეწურება, რაც ქართულ მხარეს ავალდებულებს, რომ პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება მიიღოს და ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, რუსეთის ფედერაციას შვეიცარიის გავლით შესაბამისი შეტყობინება მიეწოდოს.
"2008 წლის ივლისში, რუსეთის ფედერაციამ ქართულ მხარეს ნებართვის მიღების თხოვნით მიმართა და მიიღო კიდეც, მაგრამ ამის შემდეგ, ნებართვის შემდგომ მომართვაზე, მან საქართველოს ხელისუფლებისგან უარი მიიღო", - აღნიშნა კალანდაძემ.