პარლამენტი "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონს ხელახლა დაუბრუნდება. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ორგანო მზადაა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით იმ ნორმების განხილვას დაუბრუნდეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
"იმ ნაწილთან დაკავშირებით, რა ნაწილშიც სასამართლომ ჩათვალა, რომ ნორმა არაკონსიტუციური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ვიზიარებთ, მზად ვართ პარლამენტში შესაბამისი პროცედურა ჩავატაროთ", - განმარტა კუბლაშვილმა.
ამასთან, მან ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი განმარტა და აღნიშნა, რომ ის ოპოზიციური პარტიების სასარგებლო სულაც არ არის.
"თქვენ ერთი წლის წინ გვიმტკიცებდით, რომ ყველას აქვს უფლება გადაკეტოს ქუჩა. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ქუჩა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიკეთოს, თუ ხალხთა რაოდენობა იქ სხვაგვარად აღარ დაეტევა. თქვენ ასევე გვიმტკიცებდით, რომ ვიღაცამ საკნებით, ბარიკადებით მანქანებით უნდა გადაკეტოს გზის სავალი ნაწილი. საკონსიტუტიცო სასამართლომ თქვა, რომ ასეთი უფლება განარტირებული არავის აქვს და ცივილიზებულ სამყაროში ბარიკადებით გზის გადაკეტვა არ უნდა მოხდეს. ამასთან, თქვენ გვიმტკიცებდით, რომ ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ბლოკირება დასაშვებია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არანაირი ბლოკირება არ შეიძლება მოხდეს", - ასე უპასუხა კუბლაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის განცხადებას, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის მიერ მმართველ გუნდზე გამარჯვებად შეაფასა.
გარდა ამისა, კუბლაშვილმა ლალიაშვილის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომელშიც ოპიზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლეს "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონის რიგი მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა "დიდ ფასად" დაუჯდებოდა.
"მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მიღება არანაირი ფასი არ დაუჯდა. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და შესაბამისად, სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.