ფიროსმანის "შავი ლომი" მოსკოვის ანტიკვარულ სალონში გამოფენილი აღარ არის. როგორც გალერეის მფლობელები აცხადებენ, ის თავად მეპატრონემ გაიტანა, თუმცა მისი ვინაობა უცხობი რჩება. ამასთან, გაურკვეველი რჩება, არის თუ არა ეს ნამდვილად ნიკო ფიროსმანის მიერ შექმნილი ორიგინალი.
ტილო სამი დღის განმავლობაში იყო გამოფენილი, რის შემდეგაც გუშინ გვიან საღამოს ტილოს მფლობელმა ეს ნამუშევარი უკან წაიღო. არ სახელდება მიზეზი, რატომ მოხსნა გამოფენიდან მფლობელმა ეს ტილო. ასევე, უცნობია, საიდან ჩაუვარდა მას ხელში ეს ცნობილი ტილო.
არაა გამორიცხული, მეპატრონის მიერ გამოფენიდან ტილოს მოხსნის რეალური მიზეზი ის სკანდალი იყოს, რომლის მიხედვითაც ფიროსმანის ცნობილი ტილო ან მოპარულია ქუთათელაძეების ოჯახიდან, ან უბრალოდ, _კოპიოა.
ქართველი სპეციალისტები განმარტავენ, რომ ფიროსმანის შედევრის უტყუარობის დადასტურება მხოლოდ ქართველ ექსპერტებს ხელეწიფებათ. მათ გაცილებით მეტი შესადარებელი მასალა გააჩნიათ, რის საფუძველზეც "შავი ლომის" ორიგინალთან შედარება მოხდება.
"საერთაშორისო კანონისა და ეთიკური ნორმების თანახმად, გალერეას ნაქურდალი ნივთების მიღების ან გამოფენის უფლება არ აქვს",_აცხადებს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გია მარსაგიშვილი. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და ნამუშევარი ოჯახს დაუბრუნდეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ქართველ ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რათა ფიროსმანის "შავი ლომი" ოფიციალურად შეეძინათ, თუმცა 2-3 მილიონ დოლარამდე ფასი საკმაოდ ძვირი იყო.
შეგახსენებთ, მოსკოვის მხატვრის საგამოფენო დარბაზში 1990-იან წლებში საქართველოდან გატაცებული ნიკო ფიროსმანის ტილო "შავი ლომი" აღმოჩნდა. შედევრი სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორის აპოლონ ქუთათელაძის საკუთრება გახლდათ და მისი ვაჟის ყარამან ქუთათელაძის სახელოსნოში ინახებოდა, საიდანაც ტილო გაიტაცეს.