ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაზე პარლამენტში შეფასება კიდევ ერთხელ გაკეთდა.
"სტრასბურგში გასულ კვირას ძალიან კარგი და პოზიტიური რეზოლუცია იქნა მიღებული. მასში ობიექტურადაა საქართველოში არსებული ვითარება და გატარებული რეფორმები შეფასებული", - განაცხადა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა. ამასთან, მან ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნულის გამო კოლეგებს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 130 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგებს შეიცავს.
მთლიანობაში, დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული ბოლო დროის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, საუბარია ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 2010 წლის მაისში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე. დოკუმენტში რიგი მიმართულებით არის კრიტიკული შენიშვნებიც.